მონადირე ძაღლები

ვეიმარანერი



კურცჰაარი

მონადირე ძაღლები, ნადირობისათვის განკუთვნილი სპეციალიზებული ძაღლების ჯიშური ჯგუფი. მსოფლიოში მ. ძ-ის 100-მდე ჯიშია ცნობილი. მ. ძ-იდან ცნობილია დრატჰაარი, მეკვერნე, კურცპაარი, ტაქსა, ლაბრადორრეტრივერი, არგენტინული დოგი, ვეიმარანერი, ირლანდიური სეტერი და სხვ. მსოფლიოში საუკეთესო მონადირე ძაღლად აღიარებულია Rhodesidin Ridgeback-ი. მას იყენებენ როგორც ნადირობისას, ასევე სახლისა და ქონების დასაცავად. ამ ძაღლს შეარქვეს „აფრიკული მონადირე ლომი“. მათგან გამოყოფილია რამდენიმე ჯგუფი: ყეფიები (რუს.-ევრ., დასავლეთციმბირული, კარელიურ-ფინური), რ-ებიც ტყიან და ტყეველიან ზონებში მოძებნილ ნადირ-ფრინველს მონადირის მისვლამდე ყეფით აჩერებენ. დას. საქართველოში (აჭარა, გურია) არსებობს ყეფიას მსგავსი ძაღლი – „მეკვერნე“, ანუ „ჩაქირი“. იგი ტანად პატარაა, ყურებაცქვეტილი, აქვს მოწითალო თვალები, უხეში წაბლისფერი ბეწვი, თეთრი კისერი, ყელი, კიდურები და კუდის ბოლო. გამოირჩევა სიავითა და შეუპოვრობით, სტანდარტს არ განეკუთვნება მცირერიცხოვნობის გამო; მადევრები (რუს., ინგლ.-რუს., ანუ ჭრელი, ესტ., ჰანოვერული, ბავარიული, ფოქსჰაუნდი, ბიგლი, ბასეტი და სხვ.), გამოიყენება ტყიან და ტყეველიან ზონებში კურდღელზე, მელაზე, მგელზე, ტურასა და ჩლიქოსნებზე სანადიროდ. ისინი ყეფით სდევენ ნადირს კვალზე, სანამ მონადირე არ გადაუჭრის გზას; მწევრებს (რუს. გრძელბანჯგვლიანი, რუს. ველის, მოკლებეწვიანი, შუააზიური თაზი, ყირგიზული თაიღანი, ინგლ., ავღ., ირან. და სხვ.) იყენებენ კურდღელზე, მელაზე, მგელზე, წვრილფეხა ჩლიქოსნებზე სანადიროდ ღია და გაშლილ ადგილებში. სპეციფ. აღნაგობა, სწრაფი სირბილი (დაახლ. 20 მ/წმ), მახვილი მხედველობა საშუალებას აძლევს ადვილად დაეწიოს და შეიპყროს ნადირი (ეს ძაღლი საქართველოში გადაშენდა); სოროს ძაღლებს (ტაქსა, ტერიერი, ფოქსტერიერი) იყენებენ მელაზე, მაჩვზე, ენოტისებრ ძაღლზე სანადიროდ. ისინი სოროშივე ებრძვიან ნადირს და იქვე ახრჩობენ ან გარეთ დევნიან (საქართველოში მცირერიცხოვანია); მეძებრებს (სეტერი, პოინტერი, კურცჰაარი, დრატჰაარი და სხვ.) იყენებენ ჭაობის, ტყის, ველისა და წყალში მცურავ ფრინველზე სანადიროდ. ეძებენ ყნოსვით, აქვთ დამახასიათებელი ნაბული, უჩვენებენ ფრინველის ადგილსამყოფელს (საქართველოში პოპულარობით სარგებლობენ და ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფია); სპანიელები (ინგლ. კოკერი და სხვ.), ანუ ფრინველების მადევრები ეძებენ ყნოსვით, ფრინველს ამოაფრენენ ნაბულის გარეშე, ნანადირევი ფრინველი კი თვითონვე მიაქვთ პატრონთან. საქართველოში ამ ჯიშის ძაღლები ფართოდაა გავრცელებული.

ლ. გუნიავა

გ. სააკაძე

ნ. მამუკელაშვილი