მონაგები, ძველი ქართული სამართლის ტერმინი. სანივთო სამართალში მ. იყო ყოველგვარი საკუთრების – მოძრავი თუ უძრავი ქონების ერთობლიობა, რაც შრომა-გარჯით მოპოვებული, ანუ მოგებული შენაძენი იყო. მ. შეიძლება „ნასყიდიც“ ყოფილიყო. ცოლ-ქმრის საკუთრება მამულთან და დედულთან ერთად შედგებოდა მ-გან. ეს ქონება მემკვიდრეობით გადაეცემოდათ და არასადავო ქონებად იყო მიჩნეული.
მ. გვხვდება საღმრთო წერილის ქართულ თარგმანში, ასევე იოანე საბანისძის „აბოს წამებაში“ და სხვ. გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ მ. ნახსენებია როგორც მთელი მოძრავი ქონება, რ-იც მემკვიდრეებს გადაეცემოდათ: „მშობელთა მონაგები შვილთა განუყვიან“.
ლიტ.: დავითაშვილი გ., ქართული ჩვეულებითი სამართალი – ქართველოლოგიური იურიდიული დისციპლინა, სახალხო თვითმმართველობა საქართველოში, თბ., 2007; ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 7, თბ., 1984.
ი. უჯმაჯურიძე