„მოკიდებული“

„მოკიდებული“, მოკიდული, ფეოდალური დაჯგუფების სახეობა ძვ. საქართველოში. ამ სახის დაჯგუფებაში ერთიანდებოდნენ ერთი მრწამსითა და მიზნით გაერთიანებული ფეოდალთა საგვარეულოები. ერთი პირის (თუ სახლის) გარშემო ასეთ თავისუფალ გაერთიანებებს საერთო სოც.-პოლიტ. მიზანი ჰქონდა – სოციალურად შედარებით „დაბლა საფეხურზე მყოფთათავის („დაბლა მდგომთათვის“) ეს იყო სოციალურად და პოლიტიკურად წინ წაწევის („მაღლა დგომის“, „სისხლის გადიდების“) საშუალება. „მაღლა მდგომთა“ სიძლიერის ერთ-ერთ ფაქტორს „მ-თა“ სიმრავლე წარმოადგენდა. მოკიდება, ანუ მფარველობაში შესვლა „დამოყვრება-დამძახლებით“, სახლის კაცად „შეყრით“, „მოდგომა-მოსამართლეობით“ ხდებოდა.

სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში „მ.“ ერთი სახელმწიფოს მეორის მფარველობაში შესვლას, ანუ „კალთის მოკიდებას“ აღნიშნავდა. „მ.“ ეს იყო ფეოდალური ხანის „პარტია“ (ნ. ბერძენიშვილი).

ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 3, თბ., 1966; სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, I – ქართლის სახელმწიფოებრივი წყობილება გვიანფეოდალურ პერიოდში, თბ., 1952.