მოთხრობა, საშუალო მოცულობის პროზაული (ძალზე იშვიათად ლექსის ფორმის) ეპიკური ჟანრი. სხვა ეპიკური ჟანრების (რომანი, ნოველა და სხვ.) მსგავსად, აქ ძირითადი ტიპოლოგიური ხერხია თხრობა, რ-ის საშუალებითაც ობიექტურად გადმოიცემა სინამდვილე, ცხოვრების მოვლენები, თუმცა მათ ბუნებრივ მსვლელობაში მწერლის მონაწილეობა არ ჩანს. რომანთან შედარებით მცირეა მ-ის წარმოსახვის მასშტაბი, ცხოვრების ჩვენების სისრულე; სიუჟეტი მარტივია, თხრობა – კონდენსირებული; შეზღუდულია პერსონაჟთა რაოდენობა; არ არის ნაჩვენები კონფლიქტების განვითარების, ხასიათის ფორმირების მრავალმხრივი პროცესი, ფართო ეპოქალური სურათები. მ-ში ყურადღება გამახვილებულია უპირატესად კონკრ. მოვლენაზე, რომელიმე პერსონაჟის ბედზე. ნოველისაგან განსხვავებით, მ. სიუჟეტურად და კომპოზიციურად უფრო რთულია, არ იფარგლება მოქმედი პირის ცხოვრების მხოლოდ ერთი ეპიზოდით. არსებობს ისტ., ყოფითი, ფანტასტ., ავანტიურული და სხვ. მ-ები. ქართ. ლიტ-რაში მ-ის ცნობილი ნიმუშებმა შექმნეს ი. ჭავჭავაძე, ა. ყაზბეგმა, ე. ნინოშვილმა, დ. კლდიაშვილმა, რ. ინანიშვილმა, რ. ჭეიშვილმა, ნ. დუმბაძემ, ზ. თვარაძემ, გ. რჩეულიშვილმა და სხვ.
გ. ლომიძე