მოთხოვნილება, ინდივიდის მდგომარეობა, რ-იც იქმნება მისი ნორმალური ფუნქციონირებისა და განვითარების განმაპირობებელი ობიექტებისა თუ მოვლენების საჭიროებით და შეიცავს მათკენ მიმართული აქტივობის იმპულსს. განცდისეულად ეს აისახება სურვილში, ლტოლვაში ან მისწრაფებაში. მ-ის მთავარი ფუნქციაა ქცევის სტიმულირება, აღძვრა, ენერგიზაცია. ქცევა ვერ დაიწყება მ-ის აქტუალიზაციის გარეშე. ამასთანავე, მ-ში „იგრძნობა“ თავისი დაკმაყოფილების საგანი, რ-ზეც ის მიმართავს ქცევას. მ. ქცევის შინაგანი სტრუქტურის ცენტრ. მომენტია. იგი აღძრავს ქცევას, განსაზღვრავს მის ზოგად მიმართულებას თავის დამაკმაყოფილებელ საგანზე და მნიშვნელოვნად განაპირობებს მოტივის რაგვარობას.
მ-ის სფერო დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ბერძენმა ფილოსოფოსმა ეპიკურემ (ძვ. წ. IV–III სს.) ადამიანის სამი სახის სურვილი გამოყო: ბუნებრივი და აუცილებელი; ბუნებრივი, მაგრამ არააუცილებელი და არც ბუნებრივი და არც აუცილებელი. ეს უკანასკნელი სოციალურ მოტივაციას განეკუთვნება, ხოლო პირველი ორი – ბიოლოგიურს. პირველის თვალსაჩინო მაგალითია შიმშილი, მეორისა – სექსუალური ლტოლვა. ადამიანის მ-ებს უფრო ხშირად ორ ჯგუფად ყოფენ. ერთში აერთიანებენ ყველა თანშობილ მ-ს. ეს ჯგუფი თვითშენახვისა და გვარის გაგრძელების მოტივაციურ ტენდენციებს აერთიანებს. მეორეში შედის ყველა მისწრაფება, რ-ებიც სოციალური ცხოვრების პროცესში აღმოცენდება. გავრცელებული დაყოფით, მოთხოვნილებათა ეს ჯგუფი მოიცავს პიროვნულ, სოციალურ, გონებრივ, მორალურ და ესთეტიკურ მისწრაფებებს. პირველი ჯგუფის მ-ებს უწოდებენ პირველადს, ბიოლოგიურს, ვიტალურს (სასიცოცხლოს), დაბალს, ხოლო მეორეს – მეორეულს, კულტურულს, მაღალს. ყველაზე პოპულარულია ამერ. მეცნიერის ა. მასლოუს კლასიფიკაცია. მასში მოცემულია მ-თა 5 კლასი, რ-ებიც დონეების მიხედვითაა დალაგებული. პირველ დონეს ქმნის ფიზიოლოგიური მ-ები (შიმშილი, წყურვილი, სექსი, ძილი და ა. შ.); მეორეს – უსაფრთხოების (ტკივილისაგან, დისკომფორტისაგან, შიშისაგან დაცვის მ-ები); მესამეს – სოციალური კავშირების (სიყვარულის, სითბოს, ურთიერთობის მ-ები); მეოთხეს – თვითპატივისცემის (მიღწევის, ყურადღების, დაფასების მ-ები); მეხუთეს – თვითაქტუალიზაციის მოტივაციის მ-ები. ადამიანს აქვს მისწრაფება აკეთოს ის, რისთვისაც არის მოწოდებული (თვითაქტუალიზაცია). იგი მიუთითებს ადამიანის სურვილზე, განახორციელოს თავისი პოტენციალი, მიაღწიოს იმას, რისი მიღწევაც ბუნებით შეუძლია. ა. მასლოუს მიერ დასახელებული მ-ები იერარქიულ რიგს ქმნის. რაც უფრო მაღალი დონისაა მ. განვითარების პროცესში, მით უფრო გვიან წარმოიქმნება და მით უფრო ხანგრძლივად შეიძლება მისი დაუკმაყოფილებლობის ატანა. რაც უფრო მაღალია მოტივაციის დონე, მით მეტია ცხოვრებით კმაყოფილება, სიცოცხლის ხანგრძლივობა, უკეთესია ძილი, მადა, ნაკლებია ავადმყოფობა და ა. შ.
დ. უზნაძე მოთხოვნილებათა ორ კლასს გამოყოფს: სუბსტანციურს და ფუნქციურს. პირველი სახის მ-ები გარე საგნებისა და მოვლენების საშუალებით კმაყოფილდება, ხოლო მეორეს თვითონ მოქმედების პროცესი აკმაყოფილებს. ყველა ფსიქიკურ თუ მოტორულ ფუნქციაში იმთავითვე ჩაქსოვილია აქტიურად ყოფნის ტენდენცია. თვალს ყურება „უნდა“, გონებას – აზროვნება, კიდურებს – მოძრაობა. მათი შინაგანი ბუნება სათანადო აქტივობისკენ გვიბიძგებს ან, როგორც უზნაძე ამბობს, „ფუნქციობის ტენდენციით“ ხასიათდება, რ-ის დაკმაყოფილება პროცესუალურ სიამოვნებას გვანიჭებს. ფუნქციური მოთხოვნილება უპირატეს როლს ასრულებს ე. წ. ინტროგენული ქცევების აღძვრაში (მაგ., თამაში, გართობა, შემოქმედება და ა. შ.). მრავალი ქცევის აღძვრაში შეიძლება ორივე სახის მ. მონაწილეობდეს. დ. უზნაძე საუბრობს აგრეთვე მე-ს მაღალ მ-ებზე: ინტელექტუალურზე, მორალურსა და ესთეტიკურზე. ისინი ნებელობითი ქცევის ენერგეტიკული წყაროს შემადგენლებია. შ. ნ. ჩხარტიშვილის კლასიფიკაციით მ-ების სამი ჯგუფი გამოიყოფა: ბიოგენური, ფსიქოგენური და სოციოგენური.
მ. განწყობის თეორიის საკვანძო ცნებაა. კლასიკურ მოდელში განწყობას ორი ფაქტორი განსაზღვრავს – მოთხოვნილება და სიტუაცია. ქცევას უშუალოდ აღძრავს და წარმართავს განწყობა, მაგრამ ამისთვის საჭირო დინამიკურ თვისებებს იგი მ-იდან იღებს. მეტიც, მ. იმასაც განაპირობებს, თუ გარემოს რომელი ნაწილი შევა კონკრეტული ქცევის (განწყობის) სიტუაციის შემადგენლობაში. აქედან გამომდინარე, ქართ. ფსიქოლ. სკოლაში მ-ის და, უფრო ზოგადად, მოტივაციის საკითხები მრავალი მეცნიერის თეორ. თუ ემპირიული კვლევის საგანი გახდა (ა. ალხაზიშვილი, ნ. ბარამიძე, დ. გოგუაძე, ზ. ვახანია, ი. იმედაძე, ვ. კაკაბაძე, დ. კიკნაძე, მ. მაღრაძე, ვ. ნადარეიშვილი, შ. ნადირაშვილი, გ. ნიჟარაძე, ნ. როგავა, რ. ქვარცხავა, დ. ჩარკვიანი, შ. ჩხარტიშვილი და სხვ.).
ლიტ.: კაკაბაძე ვ., მოთხოვნილების ფსიქოლოგია, თბ., 1988; უზნაძე დ., ზოგადი ფსიქოლოგია. შრომები, ტ. 3–4, თბ., 1964; ჩხარტიშვილი შ., ნებისყოფა და მისი აღზრდა, თბ., 1964; მისივე, აღზრდის სოციალური ფსიქოლოგია, თბ., 1974; Ильин Е. П., Мотивация и мотивы, СПб., 2006; Имедадзе И. В., Категория поведения и теория установки, Тб., 1991; Heckhausen J., Heckhausen H., Motivation and Action. Cambridge University Press, 2009; Maslow A. H., Motivation and personality. N.Y., 1970.
ი. იმედაძე