მოთქმა

მოთქმა, ქართული სამგლოვიარო რიტუალის შემადგენელი ნაწილი, ზეპირსიტყვაობის იმპროვიზაციული სახეობა. ასრულებს მოტირალი (იგივე ხმით მოტირალი, გლოვის მგოსანი, გოდების შემსხმელი, მომთქმელი) მიცვალებულის ღირსებისა და ადამიანური თვისების წარმოსაჩენად. მ-ით ტირილი განსაკუთრებით აღმ. საქართვ. მთამ (ფშავ-ხევსურეთი) შემოინახა. ხევსურეთში, „ცრემლობის დღეს“ (ტირილის დღე) მიცვალებულს ფარდაგზე დაასვენებდნენ და ახალი ტალავრით, ქამარ-ხანჯლითა და თოფით მორთავდნენ, გვერდით კი არაყსა და სამ კვერს დაუწყობდნენ, შემდეგ შეკაზმულ „სულის ცხენს“ მოიყვანდნენ, რ-საც არყიან და ქადებიან ხურჯინს გადაჰკიდებდნენ. ცხენის აღვირი მიცვალებულს მარცხ. ხელზე ჰქონდა გამობმული. ხალხ. რწმენით, საიქიოში მიმავალი ვაჟკაცი სულებს ცხენით ეგებება. მზის ჩასვლისას მოტირალი ქალები ცხედარს მიუსხდებოდნენ, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილის ხანჯალს დაეყრდნობოდა და მიცვალებულს მ-ით დაიტირებდა. მ-ით ტირილი საქალებო (სადიაცო) საქმე იყო. მოტირალთათვის აცხობდნენ „სახმითმატირლო“ კვერებს. ხალხ. წარმოდგენით, მომთქმელს მიცვალებულის სული ირჩევდა.

ლიტ. მაკალათია ს., ხევსურეთი, თბ., 1984; ქართული ხალხური პოეზია, ტ. 5, თბ., 1976; ჩიჯავაძე ო., ქართული მუსიკალური ფოლკლორის მცირე ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2009.

თ. დოლიძე