მოთენას მღვიმე, კარსტული მღვიმე მარტვილის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ტაბაკელის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. აბაშის ხეობის მარცხ. მხარეს, სოფ. პირველი ბალდის მიდამოებში, ზ. დ. 570 მ-ზე. გამომუშავებულია ეოცენურ შრეებრივ კირქვებში. ორსართულიანი მღვიმის ჯამური სიგრძეა 78 მ, ჰავა – დინამიკური. მღვიმეში მრავლადაა სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ტრავერტინის კასკადები, ფარდები, ასევე დიდი ზომის ლოდები, გამოფიტვის ადგილობრივი მასალა. აქვე ბინადრობენ ღამურები, ობობები, მწერები და სხვ. მღვიმიდან გამოედინება წყლის ნაკადი, რ-იც აჩენს კალციტის ქერქით გარშემოზღუდულ ტბებს, შემდეგ კი უერთდება მდ. აბაშას. მ.მ-ის წინა ნაწილი ჩამონგრეულია. აქვე ამოყვანილია ქვითკირის კედელი სათოფურებით, რ-საც შუა საუკუნეებში ციხესიმაგრედ იყენებდნენ. იგი ადვილი მისადგომია და წარმოადგენს ბუნების ძეგლს.