მოზაიკა

გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში აღმოჩენილი მოზაიკა. I ს-ის მეორე ნახევარი.

მოზაიკა (ფრანგ. Mosaique), მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების ერთ-ერთი ძირითადი დარგი, რომელიც სახვითი ხელოვნების სხვა ჟანრებთან ერთად არქიტექტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. მ. წარმოადგენს ფერადი ქვისაგან, სმალტისაგან, ნიჟარებისაგან, კერამ. ფილებისაგან შექმნილ გამოსახულებას. მ-ით ირთვებოდა აგრეთვე დეკორ. გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, იყენებდნენ დაზგური სურათების შესაქმნელადაც. ამ დარგის განსაკუთრებულ სახეობას წარმოადგენს ინკრუსტაცია.

მოზაიკური გამოსახულების მისაღებად სხვადასხვა გეომ. ფორმის მასალას ამაგრებენ კირის, ცემენტის ხსნარზე ან სანთლის ფენაზე. არსებობს მ-ის აწყობის ორი ხერხი: პირდაპირი (მ-ის მასალა მაგრდება მისთვის განკუთვნილ ზედაპირზე) და არაპირდაპირი (მ. კეთდება მუყაოზე, ქსოვილსა თუსხვა მყარ ნივთიერებაზე, შემდეგ კი გადააქვთ კედელზე, ჭერზე ან იატაკზე).

მ-ის ისტორია უძველესია და იწყება ძვ. წ. III ათასწლეულში შუამდინარეთის ქალაქებიდან. გეომ. ფორმის (რომბი, სამკუთხედი) მ-ებით ამკობდნენ ნაგებობის კედლებსა და კოლონებს. დაახლ. ამ პერიოდისაა ინკრუსტაციის ტექნიკაც – გამოიყენებოდა სმალტა, პერლამუტრი, ნიჟარა, წითელი თიხა. ასეთი ტექნიკითაა შესრულებული ე.წ. „შტანდარტი ურიდან“ (ძვ.წ. 2600–2400 წწ.).

ანტ. პერიოდში მ-ით უმთავრესად იატაკს ფარავდნენ. ამ დარგის აყვავების პერიოდია ელინიზმის ეპოქა (იხ. ელინიზმი). ამ დროს უკვე გამოიყენებოდა ფერადი მინა, რაც მრავალფეროვნების საშუალებას იძლეოდა. მ-ის ბრწყინვალე ნიმუშებს წარმოადგენს ქ. პომპეის მ-ები, რ-ებიც შემკულია გეომ., მცენარეული, ზოომორფული და ანთროფომორფული კომპოზიციებით.

ძალისის დიონისეს ტაძრის იატაკის მოზაიკური მხატვრობა. II ს.

ბიზანტ. მ. აწყობილია გაუხეხი ქვებისგან (ხშირ შემთხვევაში ნახევრად ძვირფასი) და სმალტისაგან, ამის გამო მას მოლიცლიცე ზედაპირი აქვს. ოქროს გამოყენებით იგი კარგად ერწყმოდა კედელს და ამდიდრებდა ინტერიერის სივრცეს, რაც უფრო მეტად ზრდიდა მის მიმზიდველობასა და სილამაზეს. უძველესი ბიზანტ. მ-ები, რ-ებიც ჩვენამდე შემორჩა, ძირითადად III–IV სს. მიეკუთვნება, ხოლო მისი აღორძინება VI–VII (ოქროს ხანა) და IX–XIV სს-ებში, ხატმებრძოლეობის შემდეგ მოხდა (აია სოფიას, მონრეალის, ჩეფალუს მ-ები).

XIV ს-იდან ჩნდება ე. წ. „ფლორენციული მოზაიკა“. ამ დროის სიახლე იყო გაპრიალებული ფერადი ქვების ინკრუსტაციების გამოყენება ხის ავეჯის მოსაპირკეთებლად. ფერწერული კომპოზიციების ქვაში გადმოცემა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას ითხოვდა.

XIII–XIVსს-იდან ისლამურ ქვეყნებში ვრცელდება მაიოლიკის მ., შუა აზიის ქვეყნებში შექმნილი მ-იდან კი ყველაზე საინტერესოა XIV–XV სს. სამარყანდისა და ბუხარის ტაძართა მ-ები.

თანამედროვე მოზაიკურ მხატვრობაში ჭარბობს დიდი კომპოზიციები. მოდერნის მიმდინარეობის ოსტატები (ა. გაუდი, გ. კლიმტი, ვ. ვასნეცოვი, მ. ვრუბელი) ხშირად მიმართავდნენ მაიოლიკის მ-ის ტექნიკას. XX ს. I ნახ-ში ბარსელონაში, გუელის პარკში ა. გაუდიმ და ხ. მ. ჟუჟოლმა მთელი ბაღი მორთეს მ-ით, რ-საც ტრენცადისი ეწოდება და შენობის ზედაპირის დეტალებით მოპირკეთებას გულისხმობს. უფრო გვიანდელი პერიოდის მ-ში კი ჭარბობს კომპოზიციები (რ. გუტუზო, ფ. ლეჟე, დ. რივერა, დ. სიკეიროსი).

გელათის მოზაიკა. XII ს.

საქართველოში მოზაიკური ხელოვნება ადრეული პერიოდიდან გავრცელდა. გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში I ს. II ნახ-ის მ-ებია აღმოჩენილი. არქეოლ. გათხრების შედეგად აღმოჩენილი მოზაიკური ძეგლები მიუთითებენ, რომ იგი იმთავითვე განვითარების მაღალ დონეზე იდგა. 1952–54 წლებში არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბიჭვინთაში აღმოაჩინა IV ს. სამნავიანი ბაზილიკა, რ-ის იატაკი დაფარული იყო მოზაიკური მხატვრობით. მთელი მ. მდიდარი ფერადოვანი გამითაა გადაწყვეტილი და შემკულია გეომ., მცენარეული ორნამენტითა და ზოომორფული მოტივებით (დაცულია შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების სახელმწ. მუზეუმში). XX ს. 70-იან წლებში სოფ. ძალისში აღმოაჩინეს II ს. დიონისეს ტაძრის იატაკის მოზაიკური მხატვრობა. მსგავსი ნიმუში აგრეთვე შემორჩენილი იყო მცხეთის ჯვრის მცირე ტაძრის საკურთხევლის კონქში. VII ს. I ნახ-ით თარიღდება წრომის ტაძრის მ. შემორჩენილია სამი მოზრდილი ფრაგმენტი (დაცულია შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების სახელმწ. მუზეუმში), რ-ებზეც გამოსახულია მაცხოვრის ფიგურისა და სხვა წმინდანთა ფრაგმენტები (სავარაუდოდ, პეტრე და პავლე). წრომის მ-ის ფონი შედგებოდა სხვადასხვა ზომისა და ფორმის ოქროს კენჭებისგან, შავი და სხვადასხვა შეფერილობის წითელი კირქვისგან, მოცისფრო და ბაცი მწვანე ადგილობრივი ქვებისგან.

XII ს-ს განეკუთვნება ქართ. მაღალმხატვრული ძეგლი – გელათის მოზაიკა, რ-იც საკურთხევლის აბსიდის კონქშია განთავსებული და გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით (ნიკოპეა) მთავარანგელოზებთან – მიქაელთან და გაბრიელთან ერთად. ფონი მთლიანად ოქროსფერია. ამ ფონზე მკვეთრადაა გამოკვეთილი კომპოზიციის ყველა ფიგურა.

თანამედროვე მონუმ. ხელოვნების დარგში აქტიურად მონაწილეობდა ზ. წერეთელი. მან შექმნა არა მხოლოდ ცალკეული დეკორ. პანოები, არამედ რამდენიმე არქიტ. ანსამბლის მთლიანი დეკორ. საფარველი.

მსოფლიოში ყველაზე დიდი მ. არის ვიეტნამში, ქ. ჰანოიში (მულარის კერამიკული მ.), მისი სიგრძეა 4 კმ და მოიცავს 1570 მ2 ფართობს. აღნიშნულ პროექტზე 48 მხატვარი მუშაობდა სამი წლის განმავლობაში.

მონუმენტური ხელოვნების ეს დარგი საკმაოდ რთული და მრავალმხრივია, აქტიურად ვითარდება და პოპულარობით სარგებლობს.

ლიტ.: ამირანაშვილი შ., ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1961; გელათი – არქიტექტურა, მოზაიკა, ფრესკები, თბ., 1982; ციციშვილი ირ., ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1995.

ქ. პაიჭაძე