მოვალეობა

მოვალეობა, ადამიანის ჯეროვანი ქმედების აღმნიშვნელი ეთიკური კატეგორია, რ-ის მოტივსაც წარმოადგენს ადამიანის ბუნებრივი ან სპონტანური მიმართება გარესამყაროსა და საზოგადოებისადმი. ადამიანი სოციალური არსებაა და გარკვეულ მიმართებებს ეფუძნება. შესაბამისად, მისი დამოკიდებულება სოციუმის სხვა წევრებისადმი განისაზღვრება მისივე ბუნებრივი მდგომარეობით, რ-საც საზ-ბის წევრთა თანაბარუფლებიანობა უდევს საფუძვლად. მ-ის ცნების ფილოს. ანალიზს ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ვხვდებით. საგულისხმოა სტოელთა მოძღვრება, სადაც ამ კატეგორიის ბუნებითი ძირები თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი. განსაკუთრებული ყურადღება მ-ის ცნებას ციცერონმა (ძვ. წ. II–I სს) მიაქცია. ამასთანავე, მ. არ გვევლინება ზოგად ცნებად, ის მოქალაქეობრივ ვალს ეფუძნება, რ-ის საყრდენიც სამართლიანობაა. მოგვიანებით მ-ის ცნებას საგანგებო ყურადღება მიაქცია ი. კანტმა, რ-მაც იგი კანონისადმი ნების თავისუფალი დაქვემდებარების ცნობიერებასთან დააკავშირა. მ. საფუძვლად უდევს კატეგორიულ იმპერატივს, რ-იც კანტის მ-ის ფილოსოფიის ქვაკუთხედია.

მ-ის ანტიკურ და თანამედროვე გააზრებას იკვლევდნენ ქართვ. ფილოსოფოსები: გ. თევზაძე, მ. გოგიბერიძე, ს. წერეთელი და სხვ.

ლიტ.: თევზაძე გ., ანტიკური ფილოსოფია, თბ., 1995; მისივე, იმანუელ კანტი, თბ., 1974; მისივე, კანტიანური კვლევები, თბ., 2022; კანტი ი., პრაქტიკული გონების კრიტიკა, თარგმნა ლ. რამიშვილმა, თბ., 2016.

ნ. კოპალეიშვილი