მოედნის კარი

მოედნის კარი, თბილისის ზღუდეში ჩრდილოეთის მხრიდან დატანებული კარი. მდებარეობდა დიღმისა (შუა) და ქვემო (იგივე წყლის) კართა შორის. როგორც ჩანს, მ. კ. თბილ. გალავანში გაჭრეს XVII ს. 30–50-იან წლებში, როსტომ მეფის დროს. კარმა სახელი მიიღო გარეთუბანში არსებული მოედნის (მეიდანი, ასპარეზი, ყაბახი, დიდი მინდორი) გამო, რ-ისკენაც იყო მიმართული. თბილ. 1735 წ. გეგმაზე №21-ით დატანილია „მეიდნის კარი ხიდით“ (ვახუშტი). XVIII ს. 40–50-იანი წლებიდან (ქვემო წყლის კარის გაუქმების გამო) ქალაქის ჩრდ. კედელში დატანებულ კართა შორის მ. კ. აღარ იხსენიება, მის ადგილას არის ზემო წყლის კარი, იგივე მოედნის წყლის კარი, რ-იც ბაგრატიონისა (ახლანდ. ჩახრუხაძის) და მუხრანის (ახლანდ. ნ. ბარათაშვილის) ქუჩათა შესაყარზე მდებარეობდა.

ლიტ. ბერიძე თ., ... და აღმოცენდა თბილისი, თბ., 1977; ბერძნიშვილი მ., თბილისის გარეგანი სახე XVIII საუკუნეში, თბ., 1965; თბილისის ისტორია I, თბ., 1990.

თ. ბერიძე