მოდისტოსი, დიდგვაროვანი ფეოდალი XI–XII სს. მიჯნაზე. მოხსენიებულია დავით აღმაშენებლის ანდერძში შიომღვიმისადმი (1123/24). მ. თავის ძმასთან, ძაგანთან ერთად მეფის ხელისუფლების მოწინააღმდეგე იყო. ისინი ფლობდნენ მუხრან-ხერკის ქვეყანას და ზედაზნის ციხეს. მ. ძაგანმა წილკნის ეპისკოპოსად დასვა და მცხეთა-წილკან-შიომღვიმის მამულები თანდათან მიიტაცა. როგორც ანდერძიდან ჩანს, ძაგანისა და მ-ის გვარი (არ ჩანს, რომელი საგვარეულოს წარმომადგენლები არიან) მეფის ერთგული არასდროს ყოფილა. დავით აღმაშენებელმა შეძლო მათი დამარცხება (1103), მ-ს მღვდელთმთავრობა ჩამოართვა და მცხეთა-წილკნის ეკლესიებს თავისი ქონება დაუბრუნა.
წყარო: ანდერძი დავით მეფისა მღვიმისადმი, წგ.: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, [ტ.] 1, თბ., 1984.
ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 8, თბ., 1975; გოგოლაძე ა., დავით აღმაშენებლის ანდერძი შიომღვიმისადმი, თბ., 2001; მეტრეველი რ., შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში, თბ., 1973; მისივე, დავით აღმაშენებელი, მეფე თამარი, თბ., 2002.
მ. ზალდასტანიშვილი