მოდინახეს ციხე

მოდინახეს ციხე

მოდინახეს ციხე, მოდიმნახეს ციხე, შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დას. საქართველოში, იმერეთში, რაჭის ქედის ერთ-ერთ განშტოებაზე, საჩხერის ჩრდ-ით 1 კმ-ზე. ზ. დ. 700 -ზე. ხალხური გადმოცემით „მოდამნახე“ ფიგურალური გამოთქმის – „მოდი და მნახეს“ შემოკლებული ფორმაა. ეს სახელწოდება გვიანფეოდ. ხანის დასაწყისში უნდა იყოს შექმნილი. XVIII ს. წერილობით წყაროებში დამოწმებულია ამ სახელის მეორე ვარიანტი „მოიდანახე“, ხოლო ამავე საუკუნის დასასრულიდან დღემდე ციხედარბაზს მ. ც-ს უწოდებენ.

ადრეფეოდ. ხანაში ციხის ადგილას სასიმაგრო ნაგებობა იდგა. მის ნაცვლად მოგვიანებით აუგიათ მ. ც., რ-იც ფალავანდიშვილების ერთ-ერთი საგვარეულო ციხე-დარბაზი იყო. XVIII ს. დასაწყისში ეს ციხე-დარბაზი მერაბ წულუკიძის ხელში გადავიდა, რ-მაც იგი ქაიხოსრო წერეთელს მიჰყიდა. ამის შემდეგ მ. ც. წერეთელთა საგვარეულოს კუთვნილება გახდა. 1735 იმერეთის მსხვილი ფეოდალი პაპუნა წერეთელი, რ-იც მეფეს აუჯანყდა, მ. ც-ს აფარებდა თავს. იმერეთის მეფე ალექსანდრე V-მ რამდენიმეჯერ სცადა ციხის აღება, მაგრამ უშედეგოდ. 1766, იმერეთში ოსმალთა ლაშქრობის დროს, მ. ც-ში გაიხიზნა მეფე სოლომონ I. 1767 წერეთლების ფეოდ. საგვარეულომ მ. ც. მეფეს დაუთმო. იმერეთის აჯანყების (1810) დროს ციხე აჯანყებულებს ეკავათ. იმავე წლის მარტში რუს. არმიის ნაწილებმა ციხე აიღეს და იქ თავისი გარნიზონი ჩააყენეს. შემდგომში მ. ც-მ დაკარგა სტრატეგიული მნიშვნელობა.

მ. ც-ის მიდამოები ძველი დროიდან ჩანს დასახლებული. 1967–75 აქ გაითხარა (ხელმძღვ. შ. ამირანაშვილი, ჯ. ნადირაძე) 3 ეპოქის ნამოსახლარი: ადრინდ. ბრინჯაოს ხანის გვიანდ. საფეხურის (ძვ. წ. XXV–XX სს.), გვიანდ. ბრინჯაოს – ადრინდ. რკინის ხანის (ძვ. წ. XIV–VII სს.) და ადრინდ. ანტ. ხანისა (ძვ. წ. VI–IV სს.). დასახლება გაფართოებულია ძვ. წ. I ათასწლ. შუა წლებში. მ. ც. გორანამოსახლარია და აქ უძველესი მოსახლეობის გაჩენა მოხერხებულმა სტრატ. მდებარეობამ განაპირობა. ციხის შიდა ეზოში აღმოჩნდა ანტ. ხანის ქვათლილები, უცხოური და ადგილ. კერამიკა.

გათხრილია აგრეთვე სხვადასხვა დროის სამაროვნები: შუა და გვიანდ. ბრინჯაოს ხანის მიჯნის (ძვ. წ. XVI–XV სს.), გვიანდ. ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XV–X სს.), ადრინდ. ანტ. (ძვ. წ. VI–IV სს.), ელინისტური (ძვ. წ. III–II სს.) და გვიანდ. ანტ. ხანისა (ახ. წ. IV ს.).

ძვ. წ. XVI–XV სს. ქვაყრილიანი სამარხები უმთავრესად კოლექტიურია. ხელფეხმოკეცილი მიცვალებულები ესვენნენ მარჯვ. ან მარცხ. გვერდზე. დაკრძალვის ეს წესი არ შეცვლილა ადრინდ. ანტ. და ელინისტურ ხანაში. მხოლოდ გვიანდ. ანტ. ხანის სამარხებში მამაკაცები ესვენენ გულაღმა. ეს ცვლილება ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელებით უნდა აიხსნას.

ნამოსახლარზე და სამარხებში მოპოვებულია მრავალფეროვანი სამეთუნეო ნაწარმი, ბრინჯაოს იარაღი და სამკაული. ადრინდ. ანტ.-ელინისტური ხანის სამარხებში მრავალი ოქროსა და ვერცხლის ნივთი (სამკაული, ჭურჭელი, იარაღი), კოლხური და რომაული მონეტა აღმოჩნდა. მ. ც. 1991 მიწისძვრამ ძლიერ დააზიანა. 2019 ძეგლს ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

ლიტ.: გამყრელიძე გ., მინდორაშვილი დ., კვაჭაძე მ., ბრაგვაძე ზ., ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, თბ., 2013; ნადირაძე ჯ., ყვირილის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 1975; სოსელია ო., ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს ისტორიიდან, თბ., 1966.

თ. ბერაძე

ჯ. ნადირაძე