მოდერნიზმი (ფრანგ. სიტყვიდან moderne – თანამედროვე), მიმდინარეობა ლიტერატურასა და ხელოვნებაში, რ-იც XIX ს. II ნახ-იდან ინდუსტრიალიზაციისა და ურბანიზაციის პროცესების პარალელურად განვითარდა დას. ევროპაში, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდ. ამერიკაში. მ. გულისხმობს მხატვრული ხედვისა და ასახვის ახალ მეთოდებს, რ-თა აღმოცენება ეპოქალური ხასიათის სოც. ცვლილებებით, ტექნოლ. და მეცნ. მიღწევებით იყო განპირობებული. დ. კაკაბაძის სიტყვებით, ეს იყო „მაშინიზმის და კინემატოგრაფის“ ეპოქა. ახალი დროის დინამიზმმა, გადაადგილების საშუალებების, ინფორმაციის გავრცელების სწრაფმა შესაძლებლობამ შეცვალა გარე სამყაროს აღქმა, რასაც მიესადაგა კლასიკურ, აკადემიურ მეთოდებთან დაპირისპირებული ახალი შემოქმედებითი მიგნებები. მოდერნისტი მხატვრები, ძირითადად, აკადემიურ საფუძვლებს ეწინააღმდეგებოდნენ და მხატვრული ასახვისთვის მათგან განსხვავებულ ხერხებს მიმართავდნენ. ქვეყანაში არსებული რთული ისტ.-პოლიტ. ვითარების გამო საქართვ. დიდხანს განიცდიდა შუა საუკუნეების გავლენას. აქ, ევროპული გაგებით, რენესანსი და მისი შემდგომი ეტაპები ხელოვნებაში არ განვითარებულა და დაზგურმა ფერწერამაც გვიან შემოაღწია. ამდენად, მ. საქართველოში მხოლოდ XX ს. 10-იან წლებში ჩამოყალიბდა. სახვით ხელოვნებაში ეს ფაქტი უკავშირდება ნ. ფიროსმანის „აღმოჩენას“ (იხ. ნ. ფიროსმანაშვილი), როდესაც მისი სახელი ფართო საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი (1912). მოდერნისტულ მიმდინარეობას მხარი აუბეს კ. და ი. ზდანევიჩებმა, რ-ებსაც უკავშირდება ფიროსმანის მიკვლევის ფაქტიც. მათ თავიანთ შემოქმედებაში განავითარეს ფუტურისტული, კუბოფუტურისტული და ნეოპრიმიტივისტული ტენდენციები, 1913-იდან თავიანთ თანამოაზრეებთან ერთად აღიარეს ყველა დროის სტილი და მიმდინარეობა და დააფუძნეს ე.წ. „ყველაფრიზმი“. პირველი მოდერნისტული მიმდინარეობა, რ-იც თავს იჩენს საქართველოში, არქიტექტურის დარგში იკვეთება და ეს არის არტნუვო. ამ სტილით არის აშენებული მრავალი ნაგებობა თბილისსა და საქართვ. სხვა ქალაქში, მაგ.: კ. მარჯანიშვილის თეატრის შენობა (1909), კინოთეატრი „აპოლო“ (1909), ცენტრ. უნივერმაღის, ანუ დღევანდელი თიბისი ბანკის სათავო ოფისის შენობა (1913), მ. აზარიანცის სახლი (1911–13) და სხვ. მოგვიანებით არქიტექტურაში განვითარება პოვა კონსტრუქტივიზმმა (ყოფ. „ზარია ვოსტოკას“ რედაქციის შენობა, 1929).
ამავე წლებში თბილისში ფუნქციონირებდა მოდერნისტი მხატვრების მიერ მოხატული მხატვრულ-ლიტ. კაფეები, მ. შ. გამორჩეული იყო „ქიმერიონი“ (ახლანდ. რუსთაველის თეატრის ფოიე, 1919). თბილისში მრავლად იქმნებოდა მხატვრულ-ლიტ. გაერთიანებები (მაგ., „410“, 1918), რ-ებიც გამოსცემდნენ პერიოდულ ორგანოებსა და ავანგარდულ წიგნებს. ერთ-ერთი გამორჩეული გამოცემაა ალბომი „მელნიკოვას“ (1919), იგი თბილისური ავანგარდული პოეზიისა და მხატვრობის ანთოლოგიად შეიძლება ჩაითვალოს. ასევე ავანგარდული ტიპოგრაფიკით გამოირჩევა ჟურნალი „H2SO4“ (1924; დიზაინერები – ბ. გორდეზიანი, ი. გამრეკელი). ქართ. მ-ის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, დ. შევარდნაძემ 1916 დააარსა ქართვ. მხატვართა საზ-ბა, რ-მაც ხელოვნების განხრით მრავალ ეროვნ. საქმეს ჩაუყარა საფუძველი.
საქართველოში მოდერნისტული ტენდენციების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო შეიქმნა პირველი რესპუბლიკის წლებში, რადგან მთავრობამ პოლიტ. გეზი დასავლეთისკენ აიღო. გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული მხატვრები საფრანგეთში გაგზავნეს (ლ. გუდიაშვილი, დ. კაკაბაძე, შ. ქიქოძე, ე. ახვლედიანი, ქ. მაღალაშვილი). XX ს. 20-იანი წლების ბოლოს ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ და საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე ქართ. ხელოვნების სხვადასხვა დარგს. პარიზში „დამოუკიდებელთა სალონში“ ხშირად იმართებოდა ქართვ. მხატვართა გამოფენები. 1921 ლ. გუდიაშვილის, დ. კაკაბაძისა და შ. ქიქოძის გამოფენა მოეწყო გალერეა „ლა ლიკორნში“, 1926 დ. კაკაბაძის ნამუშევრები ნიუ-იორკის ბრუკლინის მუზეუმში იყო წარმოდგენილი. მან თავის შემოქმედებაში განავითარა კუბიზმი, ბიომორფული, ანუ სიურეალისტური აბსტრაქცია და არტდეკო. ასევე მოღვაწეობდა როგორც თეორეტიკოსი და ექსპერიმენტატორი (გამოიგონა უსათვალო კინოსაპროექციო აპარატი). ლ. გუდიაშვილის მხატვრობაში თავი იჩინა არტნუვომ, ექსპრესიონიზმმა და არტდეკომ. სიმბოლიზმის, არტნუვოსა და ექსპრესიონიზმის მიმდევარი იყო შ. ქიქოძე. ე. ახვლედიანის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა პეიზაჟის ჟანრმა, ხოლო ქ. მაღალაშვილთან – პორტრეტმა.
ქართ. მ. და ავანგარდი ინტერნაციონალური მოვლენა იყო. „ტფილისური“ ავანგარდის შექმნაში მონაწილეობდნენ ქართ. სომეხი, აზერბაიჯანელი, უკრ. პოლ. და რუსი მხატვრები და პოეტები ს. ვალიშევსკი, ა. ბაჟბეუქ-მელიქიანი, ა. განჯიანი, ე. ლალაევა და სხვ.).
1921, დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ საქართველოში მოდერნისტული ტენდენციები უმეტესწილად თეატრისა და ფილმის დიზაინის მიმართულებით ვითარდებოდა. 1922-იდან კ. მარჯანიშვილმა ქართ. თეატრის მოდერნიზაცია განახორციელა და თავისთან მიიწვია ავანგარდისტი მხატვრები – ვ. სიდამონ-ერისთავი, პ. ოცხელი, ი. გამრეკელი და სხვ. 1932, საბჭ. კავშირში სოციალ. რეალიზმის დამკვიდრების შემდეგ ქართ. მოდერნისტულმა ტრადიციამ გარკვეულწილად „რკინის კარს“ მიღმა, კერძოდ, საფრანგეთში განაგრძო განვითარება. აქ მრავალმხრივ მოღვაწეობას ეწეოდა ი. ზდანევიჩი, რ-იც ავანგარდულ წიგნებს გამოსცემდა პ. პიკასოსა და სხვა თანამედროვე მხატვრებსა და სკულპტორებთან ერთად. ასევე საფრანგეთში მოღვაწეობდნენ ფ. ვარლამიშვილი, ვ. ფაღავა, მ. ბილანიშვილი, ი. ენუქიძე, რ-თა სახელები XXI ს-ში გახდა ცნობილი საქართველოში.
ქანდაკების განხრით მოდერნიზმს ქვეყანაში საფუძველი ჩაუყარა ი. ნიკოლაძემ, რ-იც საფრანგეთში სწავლობდა და 1906–07-ში ო. როდენის სახელოსნოში მუშაობდა.
მ. თეატრში. საქართველოში პროფ. თეატრის განვითარებასთან ერთად ჩნდება მხატვრული ტენდენციები, რ-ებიც ევროპ. ხელოვნების წიაღში წარმოიშვა. რეალიზმის პრინციპებთან წინააღმდეგობის შედეგად დამკვიდრებული მ., ქართ. სათეატრო ხელოვნებაში თითქმის ევრ. ძიებების პარალელურად ვითარდებოდა. იდგმებოდა მკვეთრად გამოხატული ნატურალისტური და სიმბოლისტური სპექტაკლები, ითარგმნებოდა ევრ. დრამატურგიის მოდერნისტული ნიმუშები. დაიდგა გ. ჰაუპტმანის „შერიგების დღესასწაული“ (1901), ე. ზოლას „ნანა“ (1905), ე. ბრიეს „ავი სენი“ (1906), მ. მეტერლინკის „და ბეატრისა“ (1908) და სხვ. 1908–09 წლებში დაიდგა ბელგიელი ავტორის, ნატურალიზმის მიმდევრის კ. ლემონიეს პიესა „ხელები“ (რეჟ. ვ. შალიკაშვილი), რ-იც ქართ. თეატრმცოდნეობაში მიჩნეულია პირველ სარეჟისორო სპექტაკლად ეროვნ. სცენაზე. უცხოური დრამატურგიის თარგმნის პარალელურად იქმნება ქართ. მოდერნისტული პიესებიც: ტ. რამიშვილის „მეზობლები“ და „საბედისწერო დამბაჩა“, შ. ნათაძის „ლევან ეგანაძე“, შ. დადიანის „განწმენდის სასახლე“, ი. გედევანიშვილის „სინათლე“ და სხვ. 1920 ს. ახმეტელმა რუსთაველის თეატრში დადგა ს. შანშიაშვილის „ბერდო ზმანია“, რ-იც სინთეზური თეატრის პირველი მაგალითია. მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე კ. მარჯანიშვილისა და ს. ახმეტელის მიერ გ. რობაქიძის „ლამარას“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი (1926), რ-შიც მისტიკა, პირობითობა და პოეტურობა ქართ. ეროვნ. მოტივებთან ორგანულად იყო შერწყმული. მოდერნისტული ძიებები, ნატურალისტური ხერხებისა და საშინელებათა თეატრის, ასევე სიმბოლისტების მიერ სასცენო სივრცის რეფორმატორული პრინციპების გამოყენება ხელს უწყობდა სცენოგრაფების, რეჟისორებისა და მსახიობების პროფ. ოსტატობის ზრდასა და მთლიანად სათეატრო ხელოვნების განვითარებას.
მ. კინოში. კინემატოგრაფის დაბადება დაემთხვა მ-ის განვითარების პიკს. ადრეულმა მოდერნისტულმა კინომ დასრულებული სახე მიიღო I და II მსოფლიო ომებს შორის პერიოდში. მან გამოიკვლია, გააშიშვლა და ცნობიერების წინა პლანზე დააყენა კინემატოგრაფის ფორმალური პრობლემები. მოდერნისტული კინოხელოვნების მთავარი მახასიათებელი გახდა საავტორო კინოს თეორია (ჩაისახა XX ს. 50-იან წლებში, საფრანგეთში) და იდეა ავტორისა, რ-იც კინონაწარმოებს ქმნის თავისი უნიკალური ხედვის საფუძველზე. მოდერნისტული კინემატოგრაფის ძირითადი მიმდინარეობები და მიმართულებებია: ექსპრესიონიზმი, ავანგარდი (სიურეალიზმი, დადაიზმი), პოეტური რეალიზმი, ნეორეალიზმი, ნუარი და „ახალი ტალღები“ (ფრანგ., გერმ., საბჭოთა).
მ. ლიტერატურაში. მ. ლიტერატურაში წარმოიშვა შ. ბოდლერის „ბოროტების ყვავილების“ (Les Fleurs du Mal) გამოქვეყნებასთან ერთად (1857) და დასრულდა 1939 ან II მსოფლიო ომის შემდეგ.
მ-ის გმირი არის შინაგან სამყაროზე ორიენტირებული ინდივიდი, რ-იც იზიარებს ა. შოპენჰაუერისეულ შეხედულებას – „სამყარო არის ჩემი წარმოდგენა“. ცნობიერებისა და შთაბეჭდილებების ახალ ნაკადს სათავე დაუდეს მოდერნისტმა ავტორებმა: ფ. კაფკამ, რ. მუზილიმ, ჰ. ჰესემ, მ. პრუსტმა, ჯ. ჯოისმა. მ-ის დრამატიზმი მალე ჩაანაცვლა გაცილებით რადიკალურმა ეტაპმა, ავანგარდისტულმა მიმდინარეობებმა: ფუტურიზმმა, დადაიზმმა, კუბიზმმა, სიურეალიზმმა და სხვ.
ქართ. ლიტერატურაში მ-ის წარმოშობას განსაზღვრავდა მრავალი ფაქტორი, მ. შ. ქვეყნის კოლონიური პოლიტ. მდგომარეობა: ანექსია, ქართ. სამოციქულო ეკლესიის გაუქმებული ავტოკეფალია, ანტირელიგიური პროპაგანდა. ქართული მ-ის ფილოსოფიურ-მსოფლმხედველობრივი შეხედულებები ეფუძნებოდა ევრ. მ-ს: ა. შოპენჰაუერის ნების ფილოსოფიას, ს. კირკეგორის ეგზისტენციალიზმს, ფ. ნიცშეს სიცოცხლის ფილოსოფიას, ზ. ფროიდის ფსიქოანალიზსა და ო. შპენგლერის კულტურის ფილოსოფიას. ქართ. მ-ს თეორ. საფუძველი მოუმზადა ა. ჯორჯაძის, კ. აბაშიძის, გ. რობაქიძისა და გ. ქიქოძის ფილოს.-ესთეტიკურმა ნააზრევმა.
1914 გალაკტიონის ლექსების პირველი კრებულით დაიწყო ახ. ეპოქა ქართ. ლირიკაში. პროზაში ნოვატორებად მოგვევლინენ შ. არაგვისპირელი, ვ. ბარნოვი და ჭ. ლომთათიძე. მიჩნეულია, რომ ისინი ერთგვარად მ-ის ფუძემდებლები არიან.
ქართ. მ. უშუალოდაა დაკავშირებული ევროპულთან. გ. რობაქიძე, კ. გამსახურდია, ტ. ტაბიძე, ვ. გაფრინდაშვილი, პ. იაშვილი, ნ. ლორთქიფანიძე, მ. ჯავახიშვილი, ლ. ქიაჩელი და სხვები ცდილობდნენ ქართ. კულტურის „ევროპული რადიუსით გამართვას“ (ტ. ტაბიძე), რაც გულისხმობდა დასავლურ კულტურასთან ინტეგრირებას.
ქართ. მოდერნისტული სკოლები და მიმდინარეობებია: „ცისფერი ყანწები“ (გამოცემებით: „ცისფერი ყანწები“, „მეოცნებე ნიამორები“, „ბარრიკადი“, „ბახტრიონი“, „რუბიკონი“...), „აკადემიური მწერლობის ასოციაცია“ (გამოცემებით: „ხომალდი“, „ილიონი“, „ლომისი“, „საქართველოს სამრეკლო“, „კავკასიონი“, „ახალი კავკასიონი“, „ქართული სიტყვა“), „ფუტურისტები“ (გამოცემები: „H2SO4“, „ლიტერატურა და სხვა“), „არიფიონი“ ამავე სახელწოდების ერთადერთი ალმანახით.
მ. საბჭ. ტოტალიტარიზმის პერიოდის საქართველოში მოიაზრებოდა როგორც დეკადენტური, მანერული, უსაგნო მოვლენა ხელოვნებაში. მან ჩვენში მხოლოდ 1927-მდე იარსება. მოგვიანებით მოდერნისტული ესთეტიკა ანტისაბჭოთა მოვლენად გამოცხადდა.
ლიტ.: ბერიძე ვ., კულტურა და ხელოვნება დამოუკიდებელ საქართველოში (1918–21), თბ., 1992; ბრეგაძე კ., ქართული მოდერნიზმი, თბ., 2013; კალანდარიშვილი მ., მოდერნიზმი ქართულ თეატრში, თბ, 2010; ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები. მოდერნიზმი ლიტერატურაში (ეძღვნება გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 125 წლისთავს), ნაწ. 1–2, თბ., 2017; ლიტერატურის თეორია, მე-20 საუკუნის ძირითადი მეთოდოლოგიური კონცეფციები და მიმდინარეობანი, თბ., 2008; ლომთაძე ი., ქართული მოდერნიზმი და ეროვნული აზროვნება 1918–21 წლებში, თბ., 2003; ნემსაძე ა., შამილიშვილი მ., კულტურული მიმდინარეობები და მედიატექსტები, თბ., 2020; პაიჭაძე თ., მოდერნიზმი და ქართული ლიტერატურა, თბ., 2018; სიგუა ს., ქართული მოდერნიზმი, თბ., 2002; ქართული ლიტერატურა. ისტორია საერთაშორისო ლიტერატურული პროცესების ჭრილში, ნაწ. 2, თბ., 2016; ქართული მოდერნიზმის ტიპოლოგია, თბ., 2016; ჯალიაშვილი მ., ქართული მოდერნისტული რომანი, თბ., 2006; Кинцурашвили К., Давид Какабадзе: Классик XX века, СПб 2002; Kintsurashvili K., Janiashvili D., The Peacock’s Tail: Modernism, Georgian Performance, Warszawa: PWN, 2018; Tumanishvili D., Magarotto L., Tsitsishvili M., Chogoshvili N., Georgian Modernism 1910-1930, Tb., 2006.
ქ. კინწურაშვილი
ს. მეტრეველი