(ახლანდელი მარჯანიშვილის თეატრი), არქიტექტორი ს. კრიჩინსკი, 1902-09.
მოდერნი (ფრანგ. moderne – უახლესი, თანამედროვე), მხატვრული სტილი, რომელიც XIX ს. ბოლოს წარმოიშვა ევროპაში და სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში. ჩვეულებრივ, მ-ის სტილის დროის საზღვრები, სავარაუდოდ, შემოიფარგლება 1890–1914 წლებით. ბელგიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში იგი ცნობილია, როგორც „ახალი ხელოვნება“ (ფრანგ. Art Nouveau), გერმანიაში – „იუგენდსტილი“ (Jugendstil), ავსტრიაში – „სეცესიონის სტილი“ (Sezessionstil), იტალიაში – „ლიბერტის სტილი“ (Stile Liberty), ესპანეთში – მოდერნიზმი (modernismo), აშშ-ში – ტიფანი (Tiffany), რუსეთის იმპერიაში – „მოდერნი“, ამ სახელწოდებით გახდა იგი ცნობილი საქართველოშიც.
მ-ის სტილი გულისხმობდა წინა ეპოქის ეკლექტიზმის დაძლევას და პირველი ნაბიჯი იყო XX ს. არქიტექტურის განვითარებაში. მ-ის მთ. მახასიათებელი იყო მისი უჩვეულობა, ორიგინალობა განსხვავება ყველა მანამდე არსებული სტილის ტენდენციებთან შედარებით, აგრეთვე სიახლის ხაზგასმული, საგანგებო ძიება. ამ მიზნით იგი წარსულში ცნობილ ხუროთმოძღვრულ ელემენტთა დეკორ., ატექტონიკურ დეფორმაციასაც მიმართავდა. მ. ცდილობდა უტილიტარული და მხატვრული ფუნქციების გაერთიანებას, ეძებდა კონსტრუქციული და მხატვრული ერთიანობის საწყისებს, იყენებდა კარკასულ კონსტრუქციებს, ახალ მრავალფეროვან მასალას (რკინაბეტონი, მინა, ლითონი, დამუშავებული ქვა, ტილო და სხვ.).
მსოფლიოში „ახალ“, ანუ მ-ის სტილის პირველ შენობად ითვლება ბელგიელი არქიტექტორის ვ. ჰორტას (1861–1947) პროექტის მიხედვით აგებული ე. ტასელის საცხოვრ. სახლი ბრიუსელში (1892–93).
მ-მა ჩაანაცვლა ეკლექტიზმი, შექმნა ახ., თავისი ეპოქის შესაბამისი მხატვრული ენა და ამ გზით ჩამოაყალიბა ახ. მხატვრული სტილი. არატრადიციული ფორმებისა და ხერხების, თანამედროვე მასალებისა და კონსტრუქციების სინთეზით გამოხატა ეპოქის დაძაბული, მღელვარე სული. იგი ცდილობდა გადაელახა XIX ს-ში არსებული წინააღმდეგობა მხატვრულ და უტილიტარულ საწყისებს შორის, ახ. კონსტრუქციული სისტემისთვის მიეცა ესთეტ. აზრი.
მ-ის მიმდევრებმა უარყვეს ყველა ისტ. სტილი და ცდილობდნენ ახალი, მკაფიო და ექსპრესიული ფორმების შექმნას. კერძოდ, ისინი იყენებდნენ ბაროკოს, როკოკოს, ამპირის, დეკორ. კომპოზიციებს, ეგეოსური ხელოვნებისა და გოტიკის მოხატულობას, იაპონური გრავიურის ხაზობრივ წყობას. ასევე მიმართავდნენ წარსულის ხუროთმოძღვრულ ელემენტებსაც, თუმცა ისინი თავიანთ ნამუშევრებში ასლის სახით არ გადაჰქონდათ და ახდენდნენ მათ თავისუფალ ინტერპრეტაციას. ამგვარად მ-მა შეითვისა სხვადასხვა მიმართულების თავისებურებები და განიცადა მრავალი ეროვნ. კულტურისა და ტრადიციის გავლენა.
მ-ის ეპოქაში წარმოუდგენლად პოპულარული გახდა დეკორ. და გამოყენებითი ხელოვნება. ეს შეეხო ორნამენტსაც, რ-იც მოდაში სწორედ ამ ტენდენციის პოპულარიზაციის წყალობით დაბრუნდა. მ-ის ბუნებრივ ფორმებზე დაფუძნებული ორნამენტები ნაგებობის ორგანული ნაწილი გახდა. მ-ის ორნამენტს ახასიათებს რიტმის თავისებურება, უწყვეტი ხაზი, ე. წ. „მათრახის დარტყმა“. როგორც მიიჩნევდნენ, ეს იყო ლითონის თვისების ფიგურალური გამოხატულება, დროის ერთგვარი ემბლემა.
მ. უარყოფს ტრად. კლასიკურ არქიტ. პრინციპებს, მ. შ. სიმეტრიას, ქალაქმშენებლობაში გამოდის რეგულარული ნორმების წინააღმდეგ და ისტ. ხუროთმოძღვრების ნიმუშების ნაცვლად ეყრდნობა ორგანულ ბუნებრივ მოტივებს. მთ. მახასიათებელი ფასადისა და ინტერიერის გაფორმებაში არის მრუდე ხაზი. თანაბარი ყურადღება ეთმობა გარეგნულ სახეს და ინტერიერს, რ-იც ამკობს და ამასთანავე ავლენს მათ კომპოზიციურ სტრუქტურას. ხშირად ხდება არქიტ. ქანდაკების, ფერწერისა და გამოყენებითი ხელოვნების სინთეზი.
მ-ის ეპოქაში ნამუშევრებს ქმნიდნენ სხვა არქიტ. მიმდინარეობებიც, რ-ებიც შესაბამისობაში იყვნენ ეკლექტიზმისა და სტილიზაციის პრინციპებთან, მ. შ. ეროვნ.-რომანტ. მიმდინარეობასთან. მ-მა ოსტატურად გამოიყენა ახ. ტექ. საშუალებები, რამაც შესაძლებელი გახადა შენობის სართულების რაოდენობის გაზრდა და უჩვეულო დეკორ. ელემენტების შექმნა.
მ-ის მიმდინარეობებიდან გამოიყოფა ნეოკლასიციზმი, რ-იც არქიტექტურაში XX ს. დასაწყისში წარმოიშვა. ერთი ვერსიით, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მ. ფუნქციონალიზმში გადაიზარდა, მეორის თანახმად კი იგი შეცვალა არტდეკოს სტილმა, თუმცა დასაშვებია ამ ვერსიების თანაარსებობაც.
საქართველოში მ-ს ეკლექტიზმისა და სტილიზაციის გაჭიანურებული პერიოდის დაძლევის ალტერნატივად განიხილავდნენ. ამ სტილის ნაგებობები 1901-იდან გამოჩნდა და პოპულარობის ზენიტს XX ს. 10-იანი წლების დასაწყისში მიაღწია. ახალ სტილს ფაქტობრივად ითვისებდნენ არა არსობრივად, არამედ ფორმალურად, როგორც უკვე დადგენილი ხერხების ჯამს. აქედან გამომდინარე რაიმე შინაგან ორგანულ განვითარებაზე აქ ვერ ვილაპარაკებთ, ვინაიდან მ-ს მართლაც იმ დროისათვის შემუშავებული ჰქონდა ფასადთა საერთო კომპოზიციისა და მის ცალკეულ ელემენტთა დამუშავების მრავალი თავისებური ხერხი. თუმცა ამ შემთხვევაში მხედველობაში მისაღები უნდა იყოს ბუნებრივი პირობების სპეციფიკა, შემუშავებული ტრადიციები, ადგილობრივი არქიტექტორების პროფ. დონე და მხატვრული გემოვნება.
საქართველოში მოღვაწე არქიტექტორები შენობის მოსართავად მეტ-ნაკლები ინტენსივობით იყენებდნენ ტალღისებრ პარაპეტებს, კარ-სარკმელთა ალათებს, მეტისმეტად გადმოშვერილ კარნიზებს ფასადის ცალკეულ ნაწილებში, მცენარეული და გეომეტრიული მოტივებით გამოყვანილ გრაფ. ფანტაზიებს, სიმბოლური ფიგურების რელიეფებს; სპეციფიკურია პოლიქრომიისა და სხვადასხვაგვარი ფაქტურის მოხმარება ფასადისათვის (მოჭიქული ფილები, ხორკლიანი შელესვა და სხვ.).
მ-ის გავლენა ყველა იმდროინდელმა არქიტექტორმა განიცადა. ამიტომაც „წმინდა“ ულტრამოდერნული ფასადების გვერდით გვხვდება ისეთი ფასადებიც, რ-ებიც არსებითად სხვა „სტილისაა“ და მხოლოდ ცალკეული აქცენტები აქვთ მოდერნული. მაგ., თბილისში ასეთ შენობებს მიეკუთვნებოდა ა. გრიბოედოვის თეატრის ძვ. (ამჟამად აღარ არსებული; 1905–08) და მეფისნაცვლის ყოფ. კანცელარიის (XX ს. დასაწყისი) შენობები; ინგოროყვას ქუჩა, №10 (ორივეს ავტორია არქიტ. ქ. ტერ-სარქისიანი), აგრეთვე ფოსტა-ტელეგრაფის შენობა; რ-იც თავდაპირველად აშენდა როგორც საცხოვრ. სახლი (დავით აღმაშენებლის გამზირი №44, არქიტ. ა. ოზეროვი; პროექტი შედგა 1912).
მ-მა ერთი ვერსიით უშუალოდ I მსოფლიო ომის დაწყებამდე ევროპასა და რუსეთში ნეოკლასიციზმსა და შემდეგ ფუნქციონალიზმს (კონსტრუქტივიზმი) დაუთმო ადგილი. საქართველოში დას. ევროპის მიმდინარეობანი რამდენადმე დაგვიანებით აღწევდა, ამიტომ ამ პერიოდში კონსტრუქტივიზმმა ვერ მოასწრო შემოსვლა. მისი ტალღა უკვე საბჭ. ხელისუფლების წლებში შემოიჭრა. ნეოკლასიციზმის გამოძახილი იგრძნობა ზოგ საზ. და სახაზინო შენობაში. კერძოდ, თბილისში ეს არის ვოლგა-კამის ბანკის განყ-ბის შენობა (1915; ამჟამად ი. ჭავჭავაძის სახ. საქართვ. ეროვნ. ბ-კის მეორე კორპუსი. არქიტ. გ. კოსიაკოვი; საკონკურსო პროექტის შედგენაში მონაწილეობდა არქიტ. ფ. ლიდვალი) და ყოფ. თბილისის „კრუჟოკის“ შენობა რუსთაველის გამზირისა და ბესიკის ქუჩის გადაკვეთაზე (1916; არქიტ. დ. ჩისლიევი). მ-ის ეპოქაში ზოგიერთი სახაზინო, ასევე საზ. და საცხოვრებელი შენობების ფასადები სხვადასხვა ისტ. სტილთა მიბაძვითაა შესრულებული (ძირითადად კლასიკური არქიტექტურული ფორმების ვარიაციების, უფრო იშვიათად გოთური, მავრული, ბიზანტ.-რუსული ტრად. არქიტექტურის ელემენტების გამოყენებით).
მ-ის სტილის შენობები საქართვ. სხვა ქალაქებშიც აიგო – (ქუთაისი, სოხუმი, ბათუმი, ფოთი, გაგრა, ბორჯომი). ამავე დროს შეიძლება ითქვას, რომ მათი უმეტესობა მაინც დედაქალაქშია განთავსებული. თბილისში მ-ის თვალსაჩინო ნიმუშებია: კ. ზუბალაშვილის „სახალხო სახლი“ (1902–09; არქიტ. ს. კრიჩინსკი, ახლანდ. მარჯანიშვილის თეატრი), კავკ. ოფიცერთა ეკონომიური საზ-ბის შენობა (1913, არქიტ. ა. როგოისკი, მარჯანიშვილის ქუჩა, №3; ახლანდ. TBC ბანკის სათავო ოფისი), თბილ. ურთიერთკრედიტის საზ-ბის შენობა (1913, არქიტ. მ. ოჰანჯანოვი, ლეონიძის ქუჩა, №3, ახლანდ. საქართვ. საგარეო საქმეთა სამინისტრო), საცხოვრ. სახლები: ჭონქაძის ქუჩა №12 (1914, არქიტ. მ. ოჰანჯანოვი), გალაკტიონის ქუჩა №3–5 (1913, არქიტ. ღ. სარქსიანი), რუსთაველის გამზირი №37 (1913, არქიტ. ნ. ობოლონსკი), რომის ქუჩა №4 (1902, არქიტ. ს. კლდიაშვილი) და სხვ. ქუთაისში – საცხოვრ. სახლები: ფალიაშვილის ქუჩა №35 (1915–16; არქიტ. ე. ფრიკი; ამჟამად გაერთიანებული ბანკის შენობა); წმ. ნინოს ქუჩა №9 (1898–1909, არქიტ. ტრეიერი; ამჟამად თოჯინების თეატრის შენობა), თამარ მეფის №2 და №57 (ე. წ. ჩინური სახლი, ორივე XX ს. დასაწყისი, არქიტ. ე. ფრიკი) და სხვ. ბათუმში – საცხოვრ. სახლები: გ. მაზნიაშვილის ქუჩა №32, მ. აბაშიძის ქუჩა №17 (კინოთეატრი „აპოლო“), №41 (ახლანდ. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობა), №49 (ახლანდ. თოჯინების თეატრის შენობა), მ. აბაშიძის №25-ისა და ზ. გამსახურდიას №12-ის გადაკვეთაზე (ყოფ. ეროვნ. ბანკის შენობა) და სხვ. სოხუმში – სასტუმრო „სან-რემო“ (ამჟამად „რიწა“; 1912, არქიტ. ა. ბამე), დ. იოანიდისა და გ. ქსანდოპულოს საცხოვრ. სახლები (ორივე 1912; არქიტ. ა. მოდრახი) და სხვ. გაგრაში – პრინც ა. ოლდენბურგის სასახლე (XX ს. დასაწყისი, არქიტ. გ. ლუცედარსკი); ფოთში – ცენტრის უბნის განაშენიანებაში დომინირებს მ-ის სტილი, რ-ის ფართოდ დანერგვა და გავრცელება არქიტ. ე. ფრიკს უკავშირდება, საცხოვრ. სახლი 26 მაისის ქუჩა №9 (1907, ამჟამად ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი); სასტუმროები – „გრანდ ოტელი“, გ. ჭანტურიას №5-ში (1907) და „ბრისტოლი“, დავით აღმაშენებლის №6-ში (XX ს. დასაწყისი) და სხვ.
მ-მა გამორჩეული ადგილი დაიკავა საქართვ. ქალაქების განაშენიანებაში და შესამჩნევი კვალი დაატყო მათ იერსახეს. შეიძლება ითქვას, რომ XX ს. დასაწყისის ქართ. არქიტექტურა სრულ შესაბამისობაში იყო მის თანამედროვე დას. ევროპის ქვეყნების არქიტექტურასთან.
თ. გერსამია