მოდებაძე კონსტანტინე ბესარიონის ძე [13 (25). VII. 1879, ზესტაფონი, – 16. V. 1950, თბილისი], მეცნიერი, მეღვინე. სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი (1938), პროფესორი (1930), მეცნ. დამს. მოღვაწე (1943). დაამთავრა ჟენევის უნ-ტის საბუნებისმეტყველო ფაკ-ტი (1906). მიიღო ქიმიის მეცნ. დოქტორის ხარისხი გრენობლის (საფრანგეთი) უნ-ტში (1907); მუშაობდა ქ. როსტოვში ქვანახშირის მრეწველობის საზ-ბის ქიმ. ლაბორატორიაში (1907–11), საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი – საქარის სანერგეში ქიმიკოს-მეღვინედ (1911–15), სანერგის გამგედ (1919–24); პარალელურად ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას – თანამშრომლობდა ქუთ. ,,სასოფლო გაზეთთან“, რ-შიც აქვეყნებდა წერილებს ყურძნის გადამუშავებისა და ღვინის დაყენების შესახებ; მევენახეობა-მეღვინეობის კომიტეტის წევრების (ი. ანდრონიკაშვილი, ს. და დ. ჩოლოყაშვილები და სხვ.) გადაწყვეტილებით დაინიშნა ამ კომიტეტის მეღვინეობის ლაბორ. გამგედ (1915–19); 1924-ში მიიწვიეს თსუ-ში. საქართვ. სას.-სამ. ინ-ტში იყო მეღვინეობის კათედრის გამგე (1928–50), მებაღეობა-მევენახეობის ფაკ-ტის (1930–34), შემდეგ კი ტექნოლ. ფაკ-ტის (1943–46) დეკანი. დაამუშავა ნახევრად ტკბილი სამარკო ღვინის – „ხვანჭკარის“ სამრეწვ. ტექნოლოგია; შეისწავლა ლითონებისა და კლერტის გავლენა ღვინის ხარისხზე. ადგილ. ღვინოების მიკროფლორის შესწავლის შედეგად გამოჰყო რქაწითლის, მწვანის, საფერავის, ხვანჭკარის, ციცქისა და ცოლიკაურის საფუვრების წმინდა კულტურები. მ. იყო მრავალი სამეცნ. ნაშრომისა და 4 სახელმძღვანელოს ავტორი. ეწეოდა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: მეღვინეობა, თბ., 1948.
პ. მამრაძე