მოდებაძე ვლადიმერ კონსტანტინეს ძე

მოდებაძე ვლადიმერ კონსტანტინეს ძე (29. I. 1915, ზესტაფონი, – 9. XII. 1985, მოსკოვი), საბჭოთა გენერალ-მაიორი (1967). II მსოფლიო ომის (1939–45) მონაწილე. დაამთავრა ამიერკავკ. კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკუმი (1933), ფრუნზეს სახ. სამხ. აკადემია. 1936 გაიწვიეს ჯარში. იბრძოდა ესპანეთში (1938–39), სსრკ. – ფინეთის ომში (1939–40); იყო ამიერკავკასიის სამხ. ოლქის დაზვერვის განყ-ბის უფროსის თანაშემწე (1940–41); იბრძოდა ყირიმის ფრონტზე, მონაწილეობდა ქერჩ-ფეოდოსიის სადესანტო ოპერაციაში. 1942 დანიშნეს შავი ზღვისპირეთის ჯარების დაჯგუფების შტაბის დაზვერვის განყ-ბის უფროსად; 1943 გადაიყვანეს უმაღლესი მთავარსარდლობის ბანაკის ერთ-ერთი სტრატეგიული შენაერთის ოპერატიული გან-ყბის უფროსად. იყო სსრკ შეიარაღებული ძალების გენ. შტაბის მთ. სადაზვერვო სამმართველოს ოპერატიულ-ტექნ. განყ-ბის უფროსის მოადგილე (1968–82). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

მ. გოგიტიძე