მოდგამი, ამბაზი, მონდავი, მეკომე, გადაბმა, მონამგლეობა, ხვნასთან დაკავშირებული შრომითი გაერთიანება აღმ. საქართველოს ბარში (ქართლ-კახეთი, მესხეთი). ამ რეგიონში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ანეულს, რაც დიდი გუთნით მუშაობას მოითხოვდა. ამ იარაღით მუშაობასთან დაკავშირებული იყო შრომითი კოოპერაცია ხვნა-დღეების განაწილების ნორმირებული, დიფერენცირებული სისტემით. ყოველი წევრის ანაზღაურება ხდებოდა ალოთი, ამ ამხანაგობაში თავისი იარაღით, გამწევი ძალით თუ პირადი შრომით მონაწილეობის შესაბამისად. მიწის მოხვნა საკუთარი ძალებით მხოლოდ გლეხთა ოჯახების ნაწილს შეეძლო. ეს, უმთავრესად, დიდი, გაუყრელი ოჯახები იყო, რ-ებიც XIX–XX სს. მიჯნაზე სპორადულად იყო შემორჩენილი. პატარა ოჯახები კი, როგორც წესი, ხვნის დროს შრომით გაერთიანებას მიმართავდნენ. რამდენიმე ოჯახი აერთებდა ინვენტარს, მუშახელს და გარკვეული ხნის განმავლობაში რიგრიგობით ხნავდნენ თავიანთ მიწას. ყველა სოფელში კომპლექტდებოდა ხვნასთან დაკავშირებული კოოპერაციის გარკვეული რაოდენობა.
მ-ის წევრებს არჩევდა გუთნის პატრონი, რ-იც, როგორც წესი, გუთნისდედა და, ამდენად, მ-ის ხელმძღვანელი იყო. მის ვალდებულებაში შედიოდა ხვნის დაპირებულ ვადაში დამთავრება, სადავო საკითხების მოგვარება. XIX–XX სს. მიჯნაზე მ-ის წევრების შერჩევისას ნათესაობის პრინციპს მნიშვნელობა არ ჰქონდა. ანეულის მზადება მ-ისათვის ხვნის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე იწყებოდა. ამ დროს უნდა შეერჩიათ მუშახელი, აეწყოთ გუთანი, გაენაწილებინათ გუთნეული და მეხრეების (ევალებოდათ ხვნის დროს საქონლის გაძღოლა, ხარ-კამეჩის გარეკვა საბალახოდ და მისი მოვლა-პატრონობა დილით გუთანში შებმამდე) ფუნქციები, სახნავი მიწების ადგილმდებარეობა და სხვ. მტკიცედ იყო დადგენილი როგორც მ-ის წევრების, ისე მუშა საქონლის შრომის, დასვენებისა და კვების რეჟიმი. მ-ის დაპურება იმ ოჯახს ევალებოდა, რ-ის მიწაც იხვნებოდა.
მ-ის წევრებზე განაწილებული ალოების გარდა, ეს გაერთიანება მიწას უხნავდა სოფლის მენახირეს (სამენახირეო ალო), მეველეს და მჭედელს (მჭედლის ალო) და ზოგჯერ – თანამდებობის პირსაც. ბევრგან მიწათმფლობელის მიწის მოხვნა მ-ის წევრებს აძლევდა უფლებას, ესარგებლათ მისი ტყით, წყლით, საძოვრებითა და სხვა სავარგულებით. ზოგან ქვრივ-ობლებისათვისაც იცოდნენ ხვნა. ცალკეულ რეგიონებში მუშახელისა და საქონლის რაოდენობა, ალოების განაწილების ნორმა სხვადასხვაგვარი იყო, თუმცა ყოველი კონკრეტული ადგილისთვის – მტკიცედ დადგენილი.
მ-თან დაკავშირებული იყო გარკვეული რწმენა-წარმოდგენები და ადათ-ჩვეულებები, მ. შ. მნიშვნელოვნად მიაჩნდათ იყო ხვნა-თესვის დაწყებასა და დამთავრებასთან დაკავშირებული ცერემონიალი. ქართლ-კახეთის ბარში ანეულის ხვნის წინ იმართებოდა „სასოფლო საღმრთო“. ყოველ მ-ს, ასევე ოჯახს, რ-იც დამოუკიდებლად ხნავდა, უნდა გაეყიდა თითო ალო (ფულს წინასწარ იღებდნენ). ამ თანხით ყიდულობდნენ საკლავს, ღვინოს და ხვნის დაწყებამდე ერთი დღით ადრე „სასოფლო საღმრთოს“ მართავდნენ. სოფელი ეკლესიასთან შეიყრებოდა და პარაკლისის გადახდის შემდეგ საღმრთო სუფრა გაიშლებოდა. გუთნისდედა დალოცავდა მეხრეებს, უსურვებდა ერთგულად მუშაობას და ხვნა-თესვის კარგად დამთავრებას. აგრეთვე იწვევდნენ სამღვდელოებას, მეცხვარეებს (რ-ებიც ცხვრით შეეწეოდნენ), მენახირეებს, მეველეებს. მოხუცებსა და ავადმყოფებს ულუფას სახლში უგზავნიდნენ. გარეკახეთის ზოგიერთ სოფელში საღმრთოს ორგანიზებას უწევდა გუთნისდედა. საღმრთოზე ირჩევდნენ უფროსს (უსტაბაში), რ-საც გუთნისდედასთან ერთად უნდა დაედგინა ხვნის ჩატარების ვადები და თვალყური ედევნებინა მ-ის მუშაობისათვის. ხვნის დროს სრულდებოდა სიმღერები, რ-ებიც შრომის პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და თემატურად მრავალფეროვანი ნიმუშებია. ეს სიმღერები ქართლ-კახეთში „ოროველას“ და „გუთნურის“ სახელითაა ცნობილი.
შრომის ორგანიზაციის ისეთ ფორმაში, როგორიცაა მ., ჩანს ქართველი ხალხის სამიწათმოქმედო კულტურის მაღალი დონე ყველა იმ მიღწევით, რაც თავისი განვითარების გზაზე გაიარა სახვნელმა იარაღმა და შრომის ორგანიზაციის ფორმებმა.
ლიტ.: ნანობაშვილი ბ., კახეთის საოჯახო მეურნეობა, თბ., 1997; ჩიტაია გ., ქართველი ხალხის სამეურნეო ყოფა და მატერიალური კულტურა, ტ. 1, თბ., 2023; Геладзе Т. Ш., Формы коллективного труда в земледелии Восточной Грузии (По этногр. материалам), Тб., 1987;
თ. გელაძე