მოდამნახეს ციხე

მოდამნახეს ციხე, შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმ. საქართველოში, ქვემო ქართლში, მდ. ქციის მარჯვ. კლდოვან ნაპირზე, კარწახისხევისა და მდ. ქციის შესაყართან. მ. ც. თრიალეთისა და ქციის ხრამის ქვეყანათა საზღვრის გზასაყარზე აგებული სიმაგრეა, რ-იც აკონტროლებდა თრიალეთისკენ ქციაზე მიმავალ გზას, ასევე ბილიკებს გომარეთისა და კლდეისისაკენ. ციხის მახლობლად იყო ამავე სახელწოდების სოფელი. XVI ს-ში ნასოფლარი საგერმანოზიშვილოში შედიოდა და ფარიშატ და გიორგი ბარათაშვილების საკუთრება იყო.

მ. ც. კარგადაა შემორჩენილი. მისი ფართობია 15 X 30 . ციხეს ზღუდავს გალავანი რ-ის სიმაღლე ზოგან 10 -მდე აღწევს. აქვს 5 ნახევარწრიული ბურჯი, ოთხკუთხა და მრგვალი კოშკები. შესასვლელი სამხრ. მხარესაა, სამზერები – აღმ. და სამხრ-კენ, გვხვდება სათოფურებიც (გვიანი შეკეთების კვალი). სამხრ.-აღმ. კუთხეში პატარა საყდრის ნაშთია. ეზოში არის შიგნიდან ამოლესილი მოზრდილი წყალსაცავი და სხვა შენობათა ნაშთები. სართულებს შორის გადახურვისთვის კედლებში დატოვებულია ბუდეები ხის ძელების დასამაგრებლად.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 4, თბ., 1972.

ლიტ.: გამყრელიძე გ., მინდორაშვილი დ., კვაჭაძე მ., ბრაგვაძე ზ., ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, თბ., 2013.

დ. ბერძენიშვილი