მოგვთაკარი

მოგვთაკარი, მოგუთა, მოგუეთი, მცხეთის უბანი. მდებარეობს მცხეთის რკინიგზის სადგურის მოპირდაპირე მხარეს, მთა ქართლის ჩრდ. კალთის ძირას. წყაროებში პირველად IX ს-ში იხსენიება. ძვ. წ. II ს-ში იბერიის მეფე ფარნაჯომმა სპარსეთიდან ჩამოყვანილი ცეცხლთაყვანისმცემლები (მოგვები) მცხეთის ერთ-ერთ უბანში – მოგუთაში დაასახლა. აქვე ცხოვრობდა I ს-ში მაცხოვრის კვართის მცხეთაში ჩამომტანი ელიოზი. V ს-ში ქართლისა და ალბანეთის მარზპანმა ბარზაბოდმა ცეცხლმსახურნი და მათი ეპისკოპოსი ბინქარანი მოგუთას დაასახლა.

მ-ში, მცხეთის რკინიგზის სადგურის მიდამოებში, 1926 შემთხვევით აღმოჩნდა სხვადასხვა პერიოდის (ძვ. წ. V–ახ. წ. III სს.) სამარხეული ინვენტარი. 1937 სადგურის უკან, ბაღში გამოვლინდა კრამიტსამარხი, რ-იც I–III სს. ინვენტარს შეიცავდა. 1943 არქეოლ. ექსპედიციამ მცხეთის სადგურთან გათხარა რამდენიმე კრამიტსამარხი; 1975 მ-ში (რუსთაველის ქ. 54) არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მცხეთის ექსპედიციამ (ხელმძღვ. ა. აფაქიძე) გამოავლინა გვიანანტიკური ხანის ორმოსამარხი, 1977 მცხეთის მუდმივმოქმედმა არქეოლ. ექსპედიციამ (ხელმძღვ. ა. აფაქიძე) კი – სამაროვანი (I–III სს.) და ნამოსახლარი (III–IV სს.).

მ-ის სამაროვანზე გაითხარა 13 სამარხი. მათგან 10 კრამიტითაა ნაგები, სამი კი – ქვის ფილებითა და კრამიტით. სამაროვანზე გათხრილ სამარხთა უმეტესობა წაგრძელებული ოთხკუთხედის ფორმის კრამიტყუთებია და ნაგებია ბრტყელი, გვერდებაკეცილი და ღარიანი კრამიტებით სახურავი ბანური ან ორფერდაა, ძირი თიხატკეპნილი ან ბრტყელი გვერდებაკეცილი კრამიტითაა მოგებული. მარჯვ. გვერდზე ხელფეხმოკეცილი მიცვალებულები თავით დას-კენ ესვენა, მარჯვენა ხელი თავქვეშ ჰქონდათ ამოდებული, მარცხ. კი მუცელზე ედოთ. ზოგიერთს პირსა და ხელში ჰქონდა მონეტები („ქარონის მონეტა“). სამარხებში აღმოჩნდა თიხის თხელკეციანი, ვარდისფრად ან ჩალისფრად გამომწვარი, კოპებით შემკული თუ სადაგვერდებიანი, ცალყურა, ყელწიბოიანი, გვერდებშეზნექილი ან ნაჭდევებიანი სამტუჩა სასმისები და კოჭობები, სირიული წარმოშობის მინის სანელსაცხებლეები, ავგუსტუსისა (ძვ. წ. 27–ახ. წ. 14) და გოტარზეს (ახ. წ. 10/11–38) მონეტები, ოქროს საყურეები, ვერცხლისა და ბრინჯაოს რგოლები, სხვადასხვა ზომის, ფორმისა და მასალის მძივები, რკინის დანები, სამფრთიანი ისრის წვერი, ბრინჯაოს ზარაკები და მძივსაკიდები, ირმის სახის საკიდები, რკინის ძეწკვი, ბრინჯაოს სარკე, ფერუმარილის სასრესი ნიჟარა ძვლის კოვზითურთ, ავგაროზი, ვერცხლისა და რკინის გემიანი ბეჭდები (მ. შ. ერთი რკინის ბეჭდის სარდიონის თვალზე ამოკვეთილია ორსიტყვიანი ბერძნ. წარწერა: „მშვენიერი ქალბატონი“ ან „ქალბატონი კალე“).

მ-ის სამაროვნის სამხრ-ით გამოვლინდა ნაგებობათა ნაშთები – კედელი-ზღუდე (შემორჩენილი სიმაღლე – 1,2 , სიგრძე – 80 , სისქე – 1,05 ), რ-იც სამხრ-ით გრძელდება და ებჯინება ქართლის ქედს. კედელი ნაგებია ფლეთილი ქვითა და ტალახით. მისგან აღმ-ით აღმოჩნდა ოთხკუთხა ფორმის ნაგებობის ნაშთი (სახლის შემორჩენილი სიმაღლე – 1, 12 , სისქე – 0,8 ), რ-იც ნაგებია ფლეთილი და რიყის ქვით. შესასვლელი ჰქონდა ჩრდ-იდან. შენობაში აღმოჩნდა თიხის ხელადებისა და ქოთნების ნატეხები, დანახშირებული ძვლები და ბათქაშის გამომწვარი ნატეხები, სახლის გარეთ კი – ოთხი ქვევრი, ჩრდ.-აღმ. მხარეს – კერა.

მ-ის სამაროვნისა და ნამოსახლარის მასალა ინახება მცხეთის მუდმივმოქმედი არქეოლ. ექსპედიციის ბაზაში.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ტ. 4, თბ., 1973; მოქცევაჲ ქართლისაჲ, შატბერდის კრებული, თბ., 1979; ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, 1955.

ლიტ.: გამყრელიძე გ.,  მინდორაშვილი დ.,  კვაჭაძე მ., ბრაგვაძე ზ.,  ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, თბ., 2013; რჩეულიშვილი მ.,  მოგვთაკარის სამაროვნის კრანიოლოგიური მასალა, კრ.: არქეოლოგიური ძიებანი, თბ., 1985; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990; სიხარულიძე ა.,  აბუთიძე ა., მოგვთაკარის სამაროვანი, „საქ. სსრ მეცნ. აკადემიის მოამბე“, 1980, ტ. 99, № 2, მათივე, მოგვთაკარის სამაროვანი, მცხეთა, ტ. 7, თბ., 1985.

მ. ზალდასტანიშვილი