მოადი

მოადი, გვიანფეოდალურ საქართველოში სამართალწარმოების მონაწილე, მოპასუხე, რომლის წინააღმდეგაც მიმართული იყო სამოქალაქო სამართლებრივი მოთხოვნა ან საჩივარი, მომჩივნის მოწინააღმდეგე.

ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულში შესული „ბატონიშვილის სამართლის“ წიგნის მიხედვით, მ-ს და მის საჩივარს სასამართლომ მომჩივნის შემდეგ ცალკე უნდა მოუსმინოს და შინაარსი ჩაიწეროს (მუხლი 24). ამავე წიგნის მიხედვით, ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში მ-ის სასამართლოში მიყვანა მომჩივანს ევალებოდა (მუხლი 143).

ლიტ.: კეკელია მ., სასამართლო ორგანიზაცია და პროცესი საქართველოში რუსეთთან შეერთების წინ, წგ. 1, თბ., 1970; ქართული სამართლის ძეგლები, ტ. 1 – ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული, ი. დოლიძის გამოც., თბ., 1963.

ი. უჯმაჯურიძე