მკრტჩიანი ფრუნზე

ფ. მკრტჩიანი 

მკრტჩიანი ფრუნზე (ფრუნზიკ, მჰერ) მუშეგის ძე [(4. VII. 1930, ლენინაკანი (ახლანდ. გიუმრი), – 29. XII.1993, ერევანი], თეატრისა და კინოს მსახიობი. სსრკ (1984), სომხეთის (1971), საქართვ. (1980) სახ. არტისტი, სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1978). 1945–46 სწავლობდა ლენინაკანის ვ. აჩემიანის სახ. სახელმწ. დრამ. თეატრთან არსებულ სტუდიაში, 1951–56 – ერევნის სახელმწ. სახვ. ხელოვნ. და თეატრის ინ-ტში. 1956-იდან იყო გ. სუნდუკიანის სახ. ეროვნ. აკად. თეატრის მსახიობი, რეჟისორი. 1986 ჩამოაყალიბა საკუთარი თეატრი (ამჟამად ერევნის მ. მკრტჩიანის სახ. თეატრი).

ფ. მკრტჩიანი – ტუსაღი, ვ. კიკაბიძე – ბენჟამენ ღლონტი, კადრი ფილმიდან "არ იდარდო!", რეჟისორი გ. დანელია. 1969 წ.

1969 რეჟ. გ. დანელიამ მ. მიიწვია ტუსაღის ეპიზოდურ როლზე ფილმში „არ იდარდო“, შემდეგ, კი – ფილმ „მიმინოში“ რუბიკ ხაჩიკიანის როლზე (1977; სსრკ სახელმწ. პრემია).

მ-ის მოღვაწეობის შესახებ გადაღებულია დოკუმენტური ფილმები, 2006 გამოიცა მ-ისადმი მიძღვნილი სომხური საფოსტო მარკა. დილიჯანსა (2011; მოქანდაკე ა. ვარდანიანი) და თბილისში (2011; მოქანდაკე ზ. წერეთელი) დაიდგა ფილმ „მიმინოს“ გმირების სკულპტურული კომპოზიცია. ქ. გიუმრიში, სახელმწ. დრამ. თეატრის შენობის წინ ასევე დგას მისი ქანდაკება.

 

ნ. ბლიაძე