მიუსერა, სოფელი აფხაზეთის არ-ის გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ბზიფის ქედის მთისწინეთში, მიუსერის მაღლობზე. ზ. დ. 100 მ, გუდაუთიდან 18 კმ. კლიმატური კურორტი გაშენებულია ბორცვიან რელიეფზე, სადაც მთები პირდაპირ ზღვას უერთდება. ტერიტორია დაფარულია უნიკალური რელიქტური ტყეებით (ბიჭვინთის ფიჭვი, კოლხური ბზა). ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია, მთისა და ზღვის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის, რაც საუკეთესო საშუალებაა რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ. სსრკ დროს ფუნქციონირებდა პანსიონატი „მიუსერა“. აქ მდებარეობდა ი. სტალინის აგარაკი.
სახელწოდება სვანურიდან მომდინარეობს და „თოვლიანს" ნიშნავს (სვან. მუსერ, მუს – თოვლი).
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წ. 23 ოქტომბერი) მ-ს მიენიჭა რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული ტერიტორიის სტატუსი. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტ.: ხორავა ბ., ჭანტურია ნ., აფხაზეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა 1921_91 წლებში, თბ. 2019.