მიხეილ ბატონიშვილი (1783, თბილისი, – 25. XI. 1862, სანქტ-პეტერბურგი), საქართველოს სამეფო კარის უკანასკნელი წარმომადგენელი, გიორგი XII-ისა და მარიამ ციციშვილის ვაჟი. მას ახასიათებდნენ, როგორც დიდად განვითარებულ, გონიერ და განათლებულ ამასთან, მეტად უბრალო-თავმდაბალ, ყველასათვის ადვილად გასაცნობ ადამიანს, რ-იც მრავალ გაჭირვებულს ეხმარებოდა. ი. ლაზარევი მას ბატონიშვილებს შორის ყველაზე იმედისმომცემად მიიჩნევდა. მ. თექვსმეტი წლისა თავისი თანატოლებისაგან რეგულარულ ჯარს ქმნიდა, რ-იც რუსული ყაიდით იწვრთნებოდა. 1801 რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის ანექსიის შემდეგ გადასახლდა რუსეთში და დაჯილდოვდა წმ. ანას I ხარისხის ორდენით. 1802-იდან 10000 რუბლი ყოველწლიური პენსია დაენიშნა. 1803-იდან ცხოვრობდა მოსკოვში. 1827 იგი მოსკოვში ფ. კიკნაძემ მოინახულა. რამდენჯერმე იხსენიება 1832 შეთქმულების საგამომძიებლო მასალებში. იყო 1859–60 შექმნილი განსაკუთრებული კომისიის წევრი. გარდაიცვალა სანქტ-პეტერბურგში, დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრის ოქროპირის ეკლესიაში.
წყარო და ლიტ.: ბერძნიშვილი მ., მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, II, თბ., 1983; Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. 1, под ред. А. П. Берже, Тф., 1866.