მიქსოსპორიდიები, ლორწოვანი სპოროვნები (ლათ. Myxosporidia), უმარტივესთა რიგი კნიდოსპორიდიების კლასისა. შეიცავს 800-მდე სახეობას. მ. თევზის ნაღვლისა და შარდის ბუშტის, შარდსაწვეთებისა და სხვადასხვა ქსოვილის, იშვიათად ამფიბიისა და კუს პარაზიტებია. მ-ის ვეგეტატიური ფორმაა მოძრავი პლაზმოდიუმები (15 მკმ-იდან 11 მმ-მდე). მრავლდებიან უსქესოდ და სქესობრივად. სქესობრივი გამრავლებით წარმოიქმნება ერთი ან რამდენიმე მრავალუჯრედიანი სპორა. სპორები თევზის ორგანიზმიდან წყალში გამოიყოფა, სადაც მათ ახალი მასპინძელი – ცხოველი ყლაპავს. აქ ჩანასახი შედის ლორწოვან გარსში და სისხლს გადააქვს ქსოვილებსა და ორგანოებში, სადაც იგი იზრდება და ფორმირდება. ზოგი სახეობა იწვევს თევზის საშიშ დაავადებას – მიქსოსპორიდიოზს.