ბათიაშვილი ირაკლი

ი. ბათიაშვილი

ბათიაშვილი ირაკლი (დ. 8. VII. 1961, თბილისი), ფილოსოფოსი, პოლიტიკოსი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (2004), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (2025). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოსოფიის ფაკულტეტი (1983), ჯ. მარშალის ევროპული ცენტრის საერთაშორისო და უსაფრთხოების სპეციალური ინსტიტუტის უმაღლესი კურსი (2002), ჰარვარდის უნივერსიტეტში გაიარა შავი ზღვის უსაფრთხოების პროგრამა (2003). 1983-90 წლებში მუშაობდა ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლად, 1992-93 წლებში - საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსად. მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული სპეციალური სამსახური. 1994-95 წლებში იყო კონფლიქტების ანალიზისა და პროგნოზირების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, 1995-99 წლებში - საქართველოს მე-4 მოწვევის, 1999-2004 წლებში კი - მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, 2002-03 წლებში - იქვე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე; 2004-06 წლებში  - თსუ-ის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 1987 წლიდან იყო ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და 1989 წლის 9 აპრილის საპროტესტო აქციების ორგანიზატორი (სხვებთან ერთად). 2006-08 წლებში ი. ბათიაშვილი პოლიტიკური პატიმრის სტატუსით იჯდა ციხეში. 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებები. 2010 წლიდან იყო სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრი. 2007 წელს აირჩიეს „ქართული აკადემიის“ წევრად, 2008 წლიდან არის IB-ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, 2009 წლიდან კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. 2019-24 წლებში იყო ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი და თსუ-ის მიწვეული პროფესორი (2024 წლიდან - იქვე ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ესთეტიკისა და კულტურის ფილოსოფიის კათედრის ხელმძღვანელი).

ი. ბათიაშვილის სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროა ფენომენოლოგია და ცნობიერების ფილოსოფია, ესთეტიკა და კულტურის ფილოსოფია, სამართლისა და პოლიტიკის ფილოსოფია; მასვე ეკუთვნის მონოგრაფიები და სამეცნიერო პუბლიკაციები: „პერსონალური სიცოცხლე და ედმუნდ ჰუსერლის მოძღვრება დროის შინაგანი ცნობიერების შესახებ“ (2014), „მარტინ ჰაიდეგერი: სხვა გზა“ (2016), „შელინგის გამოცხადების ფილოსოფია“ (2019), „დასავლური პოლიტიკური ფილოსოფია“ (2022), „ზეკაცის სინთეზური ფენომენის შესაძლებლობა დასავლურ აზროვნებაში“ (2023) და სხვ.