ბოლშევიკური აჯანყებები აფხაზეთში, შეიარაღებული ბრძოლა აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დასამყარებლად.
აფხაზეთში ბოლშევიკები რუსეთში 1917 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ გამოჩნდნენ და თავდაპირველად მხოლოდ სოხუმის ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოში დომინირებდნენ. აფხაზმა ბოლშევიკმა ნ. ლაკობამ გლეხთა ინტერნაციონალური რაზმი „კიარაზი“ ჩამოაყალიბა, რ-ის წევრები თავს ესხმოდნენ ადგილობრივ მემამულეებს, ეკლესია-მონასტრებს და იტაცებდნენ მათ მიწებსა და ქონებას.
საბჭოთა ხელისუფლების დასამყარებლად ბრძოლის სახელმძღვანელოდ დაარსდა სოხუმის საოლქო რევოლუციური კომიტეტი (რევკომი) ე. ეშბას ხელმძღვანელობით. აფხაზ ბოლშევიკებს მხარში ედგნენ რუსი, ქართველი თუ სომეხი ბოლშევიკები (გ. ათარბეგოვი, ი. ანტონოვი, ს. კუხალეიშვილი და სხვ.). 1917 ნოემბერში სოხუმში დაფუძნდა ეთნიკურად აფხაზი მოსახლეობის ყრილობაზე არჩეული აფხაზთა სახალხო საბჭოც. 1918 თებერვლის შუა რიცხვებში ბოლშევიკებმა აფხაზეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდება სცადეს. ისარგებლეს სოხუმში შავი ზღვის ფლოტის მეზღვაურთა გამოჩენით და საესკადრო ნაღმოსნიდან ცეცხლი გახსნეს ქალაქის მიმართულებით. სოხუმში ძალაუფლებას მხოლოდ რამდენიმე დღით რევკომი დაეუფლა. აფხაზთა სახალხო საბჭომ შეძლო მდგომარეობის განმუხტვა.
საბჭოთა რუსეთის ინიცირებითა და მხარდაჭერით, 1918 წ. 2 მარტს გაგრაში სოჭიდან და გუდაუთიდან ბოლშევიკთა რაზმები შევიდნენ. 8 აპრილს მათ სოხუმი დაიკავეს, სახალხო საბჭო გარეკეს და მთელ აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს. რევკომმა გამოსცა დეკრეტები წოდებრიობის გაუქმების, მსხვილ მიწათმფლობელთა საკუთრების მოსპობის შესახებ და სხვ. გამოვიდა ბოლშევიკური გაზეთი „სუხუმსკაია პრავდა“, რ-იც მოუწოდებდა აფხაზეთს მხარი დაეჭირა საბჭოთა რუსეთისთვის და გაელაშქრა ამიერკავკასიის ხელისუფალთა წინააღმდეგ. აფხაზთა სახალხო საბჭომ დახმარებისთვის საქართველოს ეროვნულ საბჭოსა და ამიერკავკასიის სეიმს მიმართა. სახალხო საბჭოს პროოსმალურად განწყობილმა წევრებმა აფხაზეთში ოსმალეთის სამხედრო ძალაც მიიწვიეს, რ-იც, ძირითადად, მუჰაჯირების შთამომავლებისაგან შედგებოდა.
ამიერკავკასიის მთავრობის გადაწყვეტილებით, აფხაზეთში წესრიგის აღსადგენად გაიგზავნა სამხედრო შენაერთი სახალხო გვარდიის მეთაურის ვ. ჯუღელის წინამძღოლობით, ასევე ქართული კორპუსის ნაწილები პოლკ. ა. კონიაშვილის სარდლობით, რომელიც 9 მაისს ოჩამჩირეს მიადგნენ. ბრძოლა რამდენიმე დღეს გაგრძელდა, აჯანყებულები გაიფანტნენ. 17 მაისს გვარდია სოხუმში შევიდა, ბოლშევიკებს ბრძოლით უკან დაახევინა, თუმცა ისინი გაგრასთან გამაგრდნენ და კონტრშეტევისათვის დაიწყეს მზადება. მალე მათ არმავირიდან და სოჭიდან გადმოსული 200-კაციანი სამხედრო დაჯგუფება შეუერთდა.
1918 წ. 26 მაისს შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. აფხაზთა სახალხო საბჭომ დახმარება ამჯერად საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა. გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სოხუმში რეგულარული ჯარის ნაწილი გაიგზავნა გენერალ გ. მაზნიაშვილის სარდლობით. მაზნიაშვილი აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორადაც დაინიშნა და ძირითადად, სამხედრო საქმეებს განაგებდა. პარალელურად, შეიქმნა საქართველოს მთავრობის პოლიტ. წარმომადგენლობა ი. რამიშვილის ხელმძღვანელობით. ქართულმა შენაერთებმა აფხაზ კავალერისტებთან ერთად რეგიონი ბოლშევიკებისგან გაწმინდეს. მოხერხდა ასევე ოსმალური დესანტის უკან გაბრუნებაც. ნ. ლაკობამ თავისი რაზმის გარკვეული ნაწილი ყუბანში გადაიყვანა, ნაწილი აფხაზეთში დარჩა და არალეგალური საქმიანობა განაგრძო.
ლიტ.: ანდერსენი ე., აფხაზეთი და სოჭი კონფლიქტის ფესვები 1918-1921, თბ., 2016; მანველაშვილი ა., რუსეთი და საქართველოს დამოუკიდებლობა, სან-ფრანცისკო, 1984; ჩაჩხიანი ა., 1918 წლის „ბოლშევიკური რევოლუციები“ აფხაზეთში და ამიერკავკასიის წითელი გვარდიის საბრძოლო მოქმედებები სოხუმის ზონაში // ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, 2 (15) 2014; ჯანელიძე ო., აფხაზები და ოსები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921 წწ.), წგ. აფხაზურ-ქართული და ოსურ-ქართული ურთიერთობები წარსულსა და თანამედროვეობაში, თბ., 2021.
ა. სურგულაძე
ო. ჯანელიძე