მიქელ VI, მიქაელი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლ. 1419/20–25/26. მხარს უჭერდა საქართვ. პოლიტ. მთლიაობის განმტკიცებას. ალაგმა სამცხის სამთავროს ეპარქიის წინამძღოლის, გერასიმე მაწყვერელის სეპარატისტული ქმედება და ფიცი დაადებინა საქართვ. მეფისა და მცხეთის საპატრიარქოს ერთგულებაზე: „მეფეთა მლოცველნი ვიყუნეთ და თქვენი მომხსენებელნი ვიყუნეთ. არც პატრიარქი მოვიხსენოთ ანტიოქიისა, არც მისგან გამოგზავნილი კაცი შევიწყნაროთ. არც ვარძიის დიაკონი ვაკურთხოთ“. მ. VI მხარში ედგა ალექსანდრე I-ს თემურლენგის შემოსევათა შედეგად დაზიანებული სვეტიცხოვლის ტაძრის განახლება-მშენებლობაში.
წყარო: ეგნატაშვილი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970.
ლიტ.: ლომინაძე ბ., XV საუკუნის საქართველოს ქრონოლოგიიდან, კრ.: კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბ., 1966.
ბ. ლომინაძე