მიქაძე ილია სარდიონის ძე

მიქაძე ილია სარდიონის ძე (7. I. 1928, სოფ. აჩიგვარა, გალის მუნიციპალიტეტი, – 31. I. 2010, თბილისი), ელექტროტექნიკისა და ავტომატიკის სპეციალისტი. ტექნ. მეცნ. დოქტორი (1990), პროფესორი (1991). დაამთავრა სპი-ის (ახლანდ. სტუ) ელექტროტექნიკური ფაკ-ტი სპეციალობით ელექტროსადგურები, ქსელები და სისტემები (1949). მუშაობდა მოსკოვის ენერგეტიკის (1949–52), საქართვ. პოლიტექ. (1953–56), ხელსაწყოთმშენებლობისა და ავტომატიზაციის საშუალებათა თბილ. სამეცნ.-კვლ. (1956–79) ინ-ტებში სხვადასხვა თანამდებობაზე. იყო დირექტორის მოადგილე სამეცნ.-კვლ. ინ-ტ „რადიანში“ (1979–83), სტუ-ის ტექნოლ. პროცესებისა და წარმოების ავტომატიზაციის კათედრის გამგე (1983–92), სტუ-ის გამოყენებითი მათემატიკისა და მოდელირების კათედრის სრული პროფესორი (1992–2010).

მ-ის სამეცნ. კვლევები ეხება პროგრამულ მართვას მანქანათმშენებლობაში; საიმედოობისა და მასობრივი მომსახურების თეორიას; ინფორმატიკის ტექნ. და პროგრამული საშუალებების დამუშავებას, წარმოებასა და დანერგვას.

მ. არის 15 გამოგონებისა და სამეცნ. ნაშრომების ავტორი. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა პირველი ციფრული და ანალოგური ელექტრონული გამოთვლითი მანქანები საქართველოში, დამუშავდა და დაინერგა არაერთი სპეციალიზებული და ბაზისური გამოთვლითი სისტემა და კომპლექსი.

მ. ეწეოდა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1998).