მიქაძე გივი ვარლამის ძე

მიქაძე გივი ვარლამის ძე (18. IV. 1924, თბილისი, – 14. I. 2008, იქვე), ლიტერატურათმცოდნე. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1980), საქართვ. დამს. პედაგოგი (1980). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1949). მუშაობდა ლიტ-რის სახელმწ. მუზეუმში (1954), შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტში (1956–74), ა. პუშკინის სახ. პედ. (ახლანდ. ილიას სახელმწ. უნ-ტი) ინ-ტში კი – ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და ბიბლიოგრაფიის კათედრის გამგედ (1974–87). მ-ის კვლევის საგანი იყო ძვ. ქართ. ლიტ-რა, XIX ს. I ნახ-ის მწერლობა, ასევე – ახ. და უახლესი ლიტ-რის ისტორია. მანვე შეისწავლა და აღწერა უძველესი ქართ. ხელნაწერები; საყურადღებო გამოკვლევები აქვს „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერთა შესახებ; დიდი ამაგი დასდო კრიპტოგრაფიის, ქართ. ფსევდონიმთა, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო საქმიანობის, ბიბლიოგრაფმცოდნეობის შესწავლას და სხვ. მნიშვნელოვანია მ-ის მიერ შედგენილი ქართ. მწერლობის ბიბლიოგრაფია, რ-იც მოიცავს ხანას პირველი ქართ. წიგნის დაბეჭდვიდან XX ს. 80-იან წლებამდე. განსაკუთრებით აღსანიშნავია მ. ა. ბარათაშვილის ლიტ. მემკვიდრეობის შესწავლა საქართვ. და რუსეთის სიძველეთსაცავებში.

მ-ს მიღებული აქვს ღირსების მედალი (1997), ვაჟა-ფშაველას სახ. პრემია (1998) და ღირსების ორდენი (2000).

თხზ.: ქართული ხელნაწერების შესწავლა და აღწერა, თბ., 1957; მამუკა ბარათაშვილი. ცხოვრება და შემოქმედება, თბ., 1958; ძველი ქართული მწერლობის ბიბლიოგრაფია, თბ., 1968; ნარკვევები ქართული პოეტიკის ისტორიიდან, თბ., 1974; ქართულ ფსევდონიმთა სამყაროში, თბ., 1998.

ბ. დარჩია