მიქაშავიძე ნიკოლოზ ვარლამის ძე (2. IX. 1909, ქუთაისი, – 1988, სოხუმი), თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1971). სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1924 ქუთ. თვითმოქმედ წრეებში. 1928 მუშაობდა ქუთ. სატირის თეატრში. 1928–39 თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრის, ხოლო 1939-იდან სოხუმის ქართ. თეატრის მსახიობია. შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ანანია (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), ლადო კეცხოველი (გ. ნახუცრიშვილისა და ბ. გამრეკელის „ლადო კეცხოველი“), გივი ჩოლოყაშვილი (ა. წერეთლის „პატარა კახი“), მედოვსკი (ვ. დარასელის „კიკვიძე“), მეფე (მ. ჯაფარიძის „ლამპარი“), პრეზიდენტი (ფ. შილერის „ვერაგობა და სიყვარული“), როსტომი (მ. მრევლიშვილის „ნიკოლოზ ბარათაშვილი“), იასე უსტიაშვილი (ი. მოსაშვილის „მისი ვარსკვლავი“) და სხვ. გადაღებულია ფილმში „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (ხურციძე, რეჟ. ე. შენგელაია, 1968). მისი შემოქმედება ხასიათდება ჰეროიკულ-რომანტიკული სტილისტიკით, რამაც მ-ს საყოველთაო აღიარება მოუტანა.