მიქაშავიძე არკადი (აკაკი) ნიკოლოზის ძე

მიქაშავიძე არკადი (აკაკი) ნიკოლოზის ძე (10. IV. 1876, ქუთაისი, – 1971, იქვე), სამხედრო მოღვაწე, გენერალი (1920). დაამთავრა ქუთ. საქალაქო და თბილ. იუნკერთა სამხ. (მე-2 თანრიგით) სასწავლებლები. 1894-იდან იყო სამხ. სამსახურში: მსახურობდა ვარშავის სამხ. ოლქში, პიატიგორსკის 151-ე ქვეით პოლკში, 1904–15 – სასაზღვრო უწყებაში, ამურისიქითა ოლქში, 1915-იდან – დაღესტნის მე-2 ცხენოსან პოლკში. იყო რუსეთ-იაპონიისა (1904–05) და I მსოფლიო (1914–18) ომების მონაწილე. 1917 მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება.

1918–21 მსახურობდა საქართვ. რესპუბლიკის ჯარში. 1920–21 იყო თბილ. სამხ. კომენდანტი. საბჭ. რუსეთთან ომის დროს, 1921 მარტში საქართვ. ჯარების ქუთაისიდან ევაკუაციისას მეთაურობდა ლეჩხუმის მიმართულებით მოქმედ დაჯგუფებას. 15–16 მარტის შეტაკების შემდეგ მ. და მისი შტაბის წევრები ტყვედ ჩაუვარდნენ თრუსოს ხეობაში შემოჭრილი მოწინააღმდეგის მეწინავე რაზმს ბადილა გაგიევის მეთაურობით. ომის შემდეგ მ. სამხედრო სამსახურიდან გადადგა. ცხოვრობდა და მუშაობდა ქუთაისში.

დაჯილდოებულია წმ. გიორგის ოქროს იარაღით „მამაცობისთვის“, წმ. სტანისლავის, წმ. ანას, წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.

ლიტ.: გოგიტიძე მ., ბეჟიტაშვილი გ., სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბ., 2015; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ., 2018.

მ. გოგიტიძე