მიქატაძე დიმიტრი (ჯუნა) შოთას ძე

მიქატაძე დიმიტრი (ჯუნა) შოთას ძე (6. V. 1932, თბილისი, – 21. V. 2005, იქვე), მოქანდაკე. საქართვ. სახ. მხატვარი (1987). შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1988). დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1956). 1964-იდან იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1980-იდან – პროფესორი). იგი ძირითადად მონუმენტალისტი მოქანდაკეა, თუმცა წარმატებით მუშაობდა დაზგური ქანდაკების ჟანრშიც. მ-ის ნამუშევრები გამოირჩევა პლასტიკურობით, შინაგანი დინამიკითა და ხასიათის სიღრმით. აგრეთვე მან რამდენიმე ქართულ ფილმში შეასრულა სახასიათო როლები. ძირითადი ნამუშევრები: ძეგლები – „მზეჭაბუკი“ (1965, ბრინჯაო, არქიტ. ვ. ალექსი-მესხიშვილი), გალაკტიონ ტაბიძე (1980, ბრინჯაო, არქიტ. ა. ჯიბლაძე, მ. გოგიშვილი), იეთიმ გურჯი (1985, ბრინჯაო, არქიტ. შ. ყავლაშვილი), მარი ბროსე (1994, ბრინჯაო, არქიტ. რ. ბერიძე), იოანე პეტრიწი (1995, ბრინჯაო, არქიტ. რ. ბერიძე), ლადო გუდიაშვილი (2002, ბრინჯაო, არქიტ. რ. ბერიძე, ყველა თბილისი); დაზგური ქანდაკება – შოთა რუსთაველის პორტრეტი (პირველი ვარიანტი – 1963, მეორე – 1971), „შემოდგომა“ (1964), „შიშველი“ (1964) და სხვ. მონაწილეობას იღებდა რესპ. კონკურსებში (ვახტანგ გორგასლის ძეგლი, 1957, III პრემია; შოთა რუსთაველის ძეგლი 1967; II პრემია). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1957-იდან: „საქართველოს სსრ სახვითი ხელოვნება“ (მხატვრის ცენტრ. სახლი, 1987, მოსკოვი); „ქართული დაზგური ქანდაკება“ (1991), „საბერძნეთი თანამედროვე ქართველი მხატვრების ნაწარმოებებში“ (1998), „სპორტი სახვით ხელოვნებაში“ (1999; სამივე დ. შევარდნაძის სახ. საქართვ. ეროვნ. გალერეა, თბილისი). მისი ნამუშევრები დაცულია შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების სახელმწ. მუზეუმში; დ. შევარდნაძის სახ. საქართვ. ეროვნ. გალერეაში; გ. ლეონიძის სახ. საქართვ. ლიტ. მუზეუმში. თბილისის საპატიო მოქალაქე (1998).

ლიტ.: შანიძე ლ., ქართული საბჭოთა ქანდაკება, თბ., 1975; Беридзе В., Езерская Н., Искусство Советской Грузии, М, 1975.

თ. გერსამია