მისტიკა (ბერძნ. μυστικός – საიდუმლო), ადამიანის გამოცდილების განსაკუთრებული სფერო, რომელიც მიღმურ სამყაროსთან (მათი აღქმით), სინამდვილესთან კონტაქტს და ღმერთთან, სულებთან ურთიერთობას ან უპიროვნო აბსოლუტთან შერწყმას გულისხმობს. მ. ყოველთვის კონკრეტულ ხასიათს იძენს იმ რელიგიური მიმდინარეობის, სულიერი კულტურის, ტრადიციისა და ა. შ. გავლენით, რ-თა წიაღშიც წარმოიშობა. მისტიკური გამოცდილების თანმხლები „ცნობიერების მდგომარეობის ცვლილება“ (ექსტაზი, ტრანსი, ლოცვაში ჩანთქმა-ჩაძირვა, მედიტაციური ჭვრეტა და სხვ.) ჩვეულებრივი, ყოფითი ენით არ აღიწერება, რის გამოც მისტიკოსები ხშირად მიმართავენ პარადოქსულ, ხატოვან, სიმბოლურ ენას, ხშირად კი დუმილს ამჯობინებენ.
მ. ყოველი რელიგიის განუყოფელი ნაწილია. მისი ელემენტები გვხვდება შამანიზმსა და სულებთან დაკავშირებულ სხვა რიტუალებში. იგი უძველესი ინდური სულიერი ტრადიციის თანამდევია. ინდური ფილოს.-რელიგ. მოძღვრების წამყვანი მიმდინარეობის – ადვაიტა- ვედანტის სწავლების მიხედვით, ადამიანის ინდივიდუალური „მე-ს“ (ატმანი) წვდომა სამყაროს სულიერ საწყისთან (ბრაჰმანი), თავდაპირველი ერთობის, იგივეობის მიღწევა ბრაჰმანთან შერწყმის მისტიკურ აქტში ხორციელდება, რაც გამოიხატება სანსკრიტული ფორმულით: ტატ-ტვამასი – შენ ხარ ის. იოგაში მისტიკური ფიზიოლოგიაა დამუშავებული, რ-ის თანახმად, ადამიანში 7 ენერგეტიკული ცენტრი (ჩაკრა) და განსაკუთრებული მისტიკური ძალა – კუნდალინი არსებობს, რ-ის გამოღვიძება და გააქტიურება სხვადასხვაგვარი (მ. შ. სუნთქვითი) ვარჯიშით ხდება, რითაც მისტიკური განცდა მიიღწევა. ბჰაგავადგიტამ ინდუიზმში ბიძგი მისცა ღვთის მისტიკური სიყვარულის გზას – ბჰაქტის.
ბუდიზმის წარმოშობა, მისი დამაარსებლის, სიდჰარტა გაუტამას მისტიკური გამოცდილებიდან იწყება. მაჰაიანური ბუდიზმის ერთ-ერთი სკოლის წარმომადგენლების – მადჰიამიკების მისტიკური გამოცდილების მიზანი „სიცარიელის“ (შუნიატა) ჭვრეტაა. მისტიკური ტენდენციები განსაკუთრებით თვალსაჩინოა ტანტრიზმში.
ჩინეთში მ. კუნფუციანელობის, დაოსიზმის, ბუდიზმისა და ლოკალული სინკრეტული კულტების მნიშვნელოვანი კომპონენტია.
ძველბერძნული მ. სათავეს მისტერიებიდან იღებს. ძვ. წ. VI ს-იდან იგი ორფიზმის გავლენით ინდივიდუალური მისტიკური გამოცდილების სახით ჩამოყალიბდა, რამაც ყველაზე მკვეთრი გამოვლინება პითაგორეიზმსა და პლატონიზმში პოვა. ამასთანავე მ. მჭიდროდ იყო დაკავშირებული წარმართულ კულტებსა და თეიერგიულ პრაქტიკასთან. მ-ის გავლენა განსაკუთრებით აშკარად იგრძნობა ნეოპლატონიზმში (პლოტინე, პორფირიოსი, იამბლიქე).
ებრაული მ-ის თავისებურებაა თორასთან მისი განსაკუთრებული მიმართება. თორა წმ. ტექსტია, რ-იც ებრაელ ერს ღვთისგან ებოძა სინას მთაზე ღვთის გამოცხადებით. რადგანაც თითოეული პიროვნების და მთელი ერის ღმერთთან დამაკავშირებელ ელემენტს 10 მცნება წარმოადგენდა, ამიტომ მათი საიდუმლოების ღრმა ცოდნისა და ზუსტი აღსრულებისადმი მიძღვნილია ებრაული მისტიკური ლიტ-რის მნიშვნელოვანი ნაწილი. შუა საუკუნეების ებრაული მ. – კაბალა, ძველ მისტიკურ ტრადიციებზეა დაფუძნებული.
მ. ისლამში, ვიწრო გაგებით, არის სუფიზმი, უფრო ფართო მნიშვნელობით კი – ისლამის სხვადასხვა მიმდინარეობაში (განსაკუთრებით შიიზმში) მიღებული რელიგიური დოქტრინები.
ქრისტ. მ. სათავეს იღებს წმ. პავლე მოციქულისა და იოანე მახარებლის ღვთისმეტყველებიდან, რ-ებმაც პირველად შემოიტანეს ცნებები: „ქრისტეში სიცოცხლე“ და „სულში სიცოცხლე“. I–IV სს-ში ტერმინი „მისტიკა“ უპირატესად მიემართებოდა წმ. წერილის ტექსტს, რ-ის საიდუმლო აღსრულება საღვთო გამოცხადების მეოხებით იყო შესაძლებელი (კლიმენტი ალექსანდრიელი, ორიგენე). მოგვიანებით ეს ტერმინი უფრო ფართო მნიშვნელობით გამოიყენებოდა და საეკლ. საიდუმლოებებს ნიშნავდა. წმ. გრიგოლ ნოსელი ლიტურგიას „მისტიკურ ქმედებას“ უწოდებდა. აღმ-ში მ-ის ყველაზე ძველი სისტემა ორიგენეს ეკუთვნის, V ს-ში, არეოპაგიტულ კორპუსში მ. გამოუთქმელი ღვთაების შემეცნებას აღნიშნავდა. მასშივე პირველადაა ნახსენები „მისტიკური ღვთისმეტყველების“ ცნება (კორპუსის ერთ-ერთ წიგნს სწორედ ეს სახელწოდება აქვს). მაკარი დიდის „სულიერ საუბრებში“ გვხვდება ტერმინი „მისტიკური ერთობა“, რაც ადამიანის სულისა და ქრისტეს მისტიკურ ქორწილზე მიანიშნებს. IV ს-იდან მოყოლებული, ბერმონაზვნური ტრადიციის დამახასიათებელი ნიშანი მისტიკური გამოცდილების, როგორც ღვთაებრივი ნათლის ხილვის აღწერა იყო (ევაგრე პონტოელი, ისააკ ასური, მაკარი დიდი, მაქსიმე აღმსარებელი, სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი).
აღმოსავლურ ქრისტიანობაში მისტიკური მდგომარეობის მისაღწევად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ასკეტურ ღვაწლსა და „შინაგან, გონებისმიერ, გულისმიერ ლოცვას“, რ-მაც ყველაზე მკაფიო გამოხატულება ისიხასტურ მოძრაობაში პოვა (გრიგოლ პალამა).
დასავლეთის ქრისტიანობაში ყურადღება უფრო მეტად მისტიკური გამოცდილების სუბიექტურ მხარეს ექცევა, რაც დასაბამს იღებს ნეტარი ავგუსტინეს სამგვარი ცოდნის, ანუ „სამი თვალის“ შესახებ სწავლებიდან. ამ სწავლების მიმდევრები იყვნენ: ჰ. სენ-ვიქტორელი, ბ. კლერვოელი, პირველი ფილოსოფოსი-მისტიკოსი ი. სკოტ-ერუგენა და სხვ. ბ. კლერვოელისაგან იღებს სათავეს ე. წ. „ქრისტეს მისტიკა“, რ-იც ქრისტეს სიყვარულს გულისხმობს ღვთის მიერ ქმნილების სიყვარულის პასუხად. ეს ტრადიცია გააგრძელა ფ. ასიზელმა, რ-ის გავლენითაც წარმოიშვა ინგლისური მ. (ი. ნორიჯელი და სხვ.). XII ს-იდან ვრცელდება ე. წ. „ქალთა მისტიკა“ (კ. სიენელი, ტ. ავილელი, ე. შენაუელი და სხვ.). ავგუსტინესეული ფსიქოლოგიისა და ბერძნ. სულიერი ტრადიციის გავლენით აღმოცენდა ფლამანდიური და გერმანული ე. წ. სპეკულაციური მ.
XIX–XX სს-ში გავრცელდა არაკონფესიური მ.: სპირიტიზმი, თეოსოფია, ანთროპოსოფია. მისტიკური ნაკადი შეინიშნება რუსულ „სოფიოლოგიაშიც“ (ვ. სოლოვიოვი, პ. ულორენსკი, ს. ბულგაკოვი).
ქართ. სინამდვილეში მისტიკური ელემენტები უხვად იყო ჩვენს წარმართულ რწმენა-წარმოდგენებში. მისტიკური სახეებითაა გაჯერებული ქართ. ხალხ. ზეპირსიტყვიერება (თხზულებები, ზღაპრები, პოეზია). წარმართული რელიგიისა და მ-ის გადმონაშთები შემონახულია ხალხ. დღესასწაულებში, განსაკუთრებით მთაში (მაგ., „ქადაგის“ ინ-ტი). ქრისტ. მ-ის „ქადაგად დაცემის“ აღმოცენება საქართველოში უშუალოდ ამ რელიგიის შემოსვლას უკავშირდება, თუმცა მ. როგორც მართლმადიდებლური ბერმონაზვნობის თანამდევი პროცესის განვითარება სამონასტრო ცხოვრების ჩასახვიდან იწყება, რ-ის დამფუძნებლებიც VI ს. II ნახ-ში ასურელი მამები იყვნენ. მისტიკური გამოცდილება ქრისტ. ასკეტიკის განუყრელი თანამგზავრია და, ფართოდ იყო გავრცელებული ქართვ. ქრისტიან მოღვაწეთა შორის. თავდაპირველად ქართვ. ასკეტები საზღვარგარეთ პოულობდნენ თავშესაფარს (პეტრე იბერი, იოანე ლაზი, ევაგრე პონტოელი), IX–X სს-ში სამონასტრო ცხოვრება ძალზე განვითარდა და მრავალი მონასტერი დაარსდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ (სირია-პალესტინა, ათონის მთა და სხვ.), ისინი მძლავრ კულტ.-საგანმან. კერებად იქცნენ. სწორედ ამ მონასტრებში შეიქმნა უმდიდრესი ნათარგმნი და ორიგინ. სას. ლიტ-რა, რ-შიც მნიშვნელოვანი ადგილი მისტიკურ და ასკეტიკურ თხზულებებს უჭირავს. ქართულად ითარგმნა ცნობილი ასკეტ-მისტიკოსთა (პიმენი, საჰაკ მონაზონი, აბრაჰამ მონაზონი, ანტონი დიდი, მარკოზ მონაზონი, არსენ ჰრომაელი, სვიმეონ მესვეტე, იოანე მოსხი, იოანე სინელი, მაკარი მეგვიპტელი, ეფრემ ასური და სხვ.) ნაწარმოებები. მისტიკური შინარსის შემცველია ის „არამისტიკური“ (დოგმატური, ჰომილეტიკური, აგიოგრაფიული და სხვ.) თხზულებებიც, რ-თა თარგმანებიც ჩვენს დიდ საეკლ. მოღვაწეებს ეკუთვნით (ექვთიმე და გიორგი მთაწმიდლები, ეფრემ მცირე, არსენ იყალთოელი, იოანე პეტრიწი). ეს ყოველივე ხელს უწყობდა ჩვენს საეკლ. მოღვაწეებს, პირველ რიგში ბერმონაზვნობას, რომ გასცნობოდნენ მართლმადიდებელი სარწმუნოების იმ სიმაღლეებს, რ-ებიც მისტიკური გამოცდილების გზით მიიღწევა.
ლიტ.: კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია ტ. 1, თბ., 1980; ლოსკი ვ., მისტიკური ღვთისმეტყველება, თარგმ. ვ. ჩხიკვაძემ, თბ., 2016; შტეკლი ა., შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია, გერმ. თარგმ. ბ. ბრეგვაძემ, თბ., 1994; Торчинов Е.А., Религии мира, опыт запредельного, СПб, 1997; Hamless W; Mystics, Of. 2008; Singh R. P. K, Encyclopedia; a of mysticism, New delbi; 2009.
ზ. ეკალაძე