მისიონერი (ლათ. missio), წარგზავნილი, რელიგიური პირი, რ-იც ავრცელებს ამა თუ იმ სწავლებას (ტერმინი Votum missionis პირველად XVI ს-ში გამოიყენა ი. ლოიოლამ). მისიონერობა მსოფლიოს ყველა რელიგიისათვისაა (ბუდიზმი, ქრისტიანობა, ისლამი) დამახასიათებელი. ქრისტ. მისიონერობა მაცხოვრის მოციქულების დროიდან იწყება, რ-თაც ქრისტემ შემდეგი სიტყვებით მოუწოდა: „წადით და მოიმოწაფეთ ყოველი ხალხი“. მათ ქრისტიანობა მთელი რომის იმპერიაში (და მის ფარგლებს გარეთაც) იქადაგეს. შუა საუკუნეებში რომის, შემდგომ ბიზანტიის იმპერიიდან წასულმა მ-ებმა ქრისტიანობა გაავრცელეს მთელ ევროპაში. მისიონერული მოღვაწეობა განსაკუთრებით განვითარდა დიდი გეოგრ. აღმოჩენების შემდგომ, როდესაც ევროპელმა კათოლიკე, მოგვიანებით კი პროტესტანტმა მ-ებმა ქრისტიანობაზე მოაქციეს ჩრდ. და სამხრ. ამერიკის ხალხები. ამ მხრივ განსაკუთრებით იეზუიტთა ორდენი აქტიურობდა. მ-თა მეოხებით ქრისტიანობა გავრცელდა აფრიკის, აზიისა და ავსტრალია-ოკეანეთის მრავალ ხალხს შორის.
საქართველოში პირველი მ-ები უშუალოდ ქრისტეს მოციქულები – ანდრია მოციქული პირველწოდებული, სვიმონ კანანელი და მატათა იყვნენ. IV ს-ში წმ. ნინო კაბადოკიელმა ქრისტიანობაზე მოაქცია ქართლის მეფე მირიანი და მთელი ქართლი. დას. საქართველოში მნიშვნელოვანი იყო ბიზანტიელ მ-თა გავლენა, ხოლო აღმ. საქართველოში ასურელი მამების მოღვაწეობა.
ზ. ეკალაძე