მირიანაშვილი შოთა მირიანის ძე (დ. 2. VII. 1936, სოფ. ახალსოფელი, ახლანდ. ყვარლის მუნიციპალიტეტი), სპორტსმენი (ალპინიზმი, სპელეოლოგია, მთამსვლელობა). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკა-ტექნიკის ფაკ-ტი (1958). სსრკ ჩემპიონი ტრავერსების კლასში (1976, საღრანის დიდი ნალი), სამგზის მეორე (1960, 1975, 1977) და სამგზის მესამე (1965, 1969, 1973) პრიზიორი სასიმაღლო, კლდოვან და ტექნიკურ კლასებში. XX ს. 60–70-იან წლებში იყო საქართვ. მთამსვლელთა ნაკრების კაპიტანი და მწვრთნელი. ქართულ ექსპედიციებში მონაწილეობისას დალაშქრა ალპების მწვერვალები (მონბლანი, მონტეროზა), განახორციელა ტრიენის ალპების პიკთა ტრავერსი (1964), თანაგუნდელებთან ერთად – კავკასიონის, პამირისა და ტიან-შანის მთებში, შხარას მასივზე ურთულესი გზებით მრავალი პირველასვლა. ხელმძღვანელობდა 100-ზე მეტ მასობრივ ალპინიადასა და სპორტულ-საკვალიფიკაციო შეკრებას. არის სსრკ საერთაშ. კლასის სპორტის ოსტატი და საქართვ. დამს. მწვრთნელი; თსუ-ის გ. ნიკოლაძის სახ. ალპური კლუბისა (1956) და საქართვ. მთამსვლელთა ფედერაციის (2000) პრეზიდენტი, თსუ-ის ნახევარგამტართა ფიზიკის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი (2010-იდან).