მირიანაშვილი მათე მიხეილის ძე

მირიანაშვილი მათე მიხეილის ძე [5 (18). X. 1906, თბილისი, – 23. I. 1975, იქვე], ფიზიკოსი. აკადემიკოსი (1974; წ.-კ. – 1961), ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1958), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1962). 1930 დაამთავრა თსუ-ის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტი. 1927 ჯერ კიდევ სტუდენტმა მუშაობა დაიწყო ზოგადი ფიზ. კათედრაზე ლაბორანტად, იქვე მიიწვიეს ასისტენტად (1930). მუშაობდა ხარკოვის (უკრაინა) ფიზიკა-ტექ. ინ-ტში (1931–33); იყო თსუ-ის ზოგადი ფიზ. კათედრის გამგე (1933–75); საქართვ. სსრ მეცნ. აკად. ფიზ. და გეოფიზ. ინ-ტის დირექტორის მოადგილე (1941–43) და ამავე ინ-ტის დირექტორი (1943–51); თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტის დეკანი (1955–59) და პრორექტორი (1959–69). სსრკ გრავიტაციული კომისიის წევრი (1963). იყო ქართ. საბჭ. ენციკლოპედიის ფიზ. სამეცნ. საბჭოს თავ-რე (1966–75). ეწეოდა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას. მ-ის კვლევის სფეროა კვანტური ელექტროდინამიკა, ფერიტების თეორია, გრავიტაცია და კოსმოლოგია; დაამუშავა აინშტაინის განტოლებების ინტეგრირების ახალი მეთოდები. ნაშრომები აქვს აგრეთვე ფიზიკის ფილოს. საკითხებზე.

მ. არის ზოგადი ფიზ. პირველი ქართ. სახელმძღვანელოებისა და სამეცნ. ნაშრომების ავტორი.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: ფარდობითობის თეორია, თბ., 1967; ალბერტ აინშტაინი, თბ., 1972 (თანაავტ.: ს. ავალიანი); ზოგადი ფიზიკის კურსი, ნაწ. 1, გამოც. მე- 3, თბ., 1973; ნაწ. 2, გამოც. მე-2, თბ., 1966.

ლიტ.: იშხნელი ა., პარკაძე ვ., მათე მირიანაშვილი, თბ., 1966.