მირიანაშვილი გურამ ზაალის ძე

მირიანაშვილი გურამ ზაალის ძე (7. XI. 1927, თბილისი, – II. 2000, იქვე), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1993), სსრკ მინისტრთა საბჭოს (1983) და რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1985). დაამთავრა სპი-ის სამშ. ფაკ-ტი არქიტექტურის სპეციალობით (1949). მუშაობდა სხვადასხვა საპროექტო ინ-ტში – იყო „თბილქალაქპროექტის“ დირექტორი (1972–78), საქართვ. „სახმშენის“ თავ-რე (1978–89), საქართვ. სახმშენთან არსებული არქიტ. სახელმწ. კომიტეტის თავ-რე (1989–91), საქართვ. არქიტ. და მშენებლობის მინისტრი (1991–95), „საქქალაქმშენსახპროექტის“ მთ. არქიტექტორი (1995–97) და გენ. დირექტორი (1997–99). მ. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას მოსკ. არქიტ. ინ-ტში (1954–58), 1959-იდან – სპი-ში (1993-იდან პროფესორი). ნამუშევრები: თბილისში – რ. ერისთავის ძეგლი (1974, მოქანდაკე ე. ამაშუკელი); საქართვ. ექიმთა დახელოვნების ინ-ტის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკა (ახლანდ. ს. ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა; 1974); საქართვ. კომპარტიის ცკ-ის პოლიტგანათლების სახლი (1979); საქართვ. კომპარტიის ცკ-ის შენობა (ახლანდ. საქართვ. მთავრობის ადმ. შენობა, 1980; რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემია) და სხვ. ყველა აღნიშნული ნამუშევარი შესრულებულია საავტორო ჯგუფთან ერთად. არის სოფიაში (ბულგარეთი) გამართული საერთაშ. ბიენალესა (1983) და „წლის საუკეთესო პროექტის“ (საკავშ. დათვალიერება) დიპლომანტი (1985). მცხეთის საპატიო მოქალაქე (1987). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1997).

თ. გერსამია