მირზაანის ნავთობის საბადო

მირზაანის ნავთობის საბადო, მდებარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, საქართვ. მთათაშუეთის უკიდურეს სამხრ.-აღმ. ნაწილში. დედოფლისწყაროს ცენტრიდან 13 კმ-ში.

გეოლოგიურად ძირითადად აგებულია სარმატული, მეოტურ-პონტური (შირაქის წყების ტერიგენული) და აღჩაგილურ-აფშერონული ასაკის ნალექებისაგან. შუა მიოცენური ნალექები მორიგეობით წარმოდგენილია თიხებით, ქვიშაქვებითა და ალევროლიტებით. ხშირია აგრეთვე მერგელების, იშვიათად – კირქვების შუაშრეები. ნალექების საერთო სიმძლავრე ღრმულის ღერძულ ნაწილში 600 მ-ს აღწევს. აღჩაგილური ნალექების (თიხები, ქვიშაქვები და კონგლომერატები) სიმძლავრეა 900 .

აფშერონული წყება მოიცავს კონტინენტურ კონგლომერატებს, თიხებისა და ქვიშაქვების შუაშრეებს. მათი სიმძლავრეა 200 -მდე.

მ. ნ. ს. ტექტონიკური სქემის მიხედვით მდებარეობს საქართვ. ბელტის აღმ. დაძირვაზე, გარეკახეთის ჩაღრმავებაზე, ბაზალეთი-შირაქის ქვეზონაში და სტრუქტურული თვალსაზრისით წარმოადგენს მონოკლინს.

1930-იდან ს/გ „საქნავთობის“ ჩამოყალიბებისთანავე დაიწყო მირზაანის მოედნის დეტალური გამოკვლევა და საძიებო ბურღვა. 1939-იდან პარალელურად დაიწყო ნავთობის მოპოვება. ამ საბადოზე სულ გაიბურღა 294 ჭაბურღილი. მირზაანის საბადოს ჭაბურღილებისათვის, მიუხედავად მცირე წარმადობისა, დამახასიათებელია ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდი. ნავთობის მაქსიმალური რაოდენობა მოიპოვეს 1943 (126 ჭაბურღილიდან – 52,2 ათ. ტ.); შემდგომ წლებში მოპოვება თანდათან შემცირდა.

ნ. ჯიქია