მირ-ვეისი

მირ-ვეისი (XVII ს. შუა ხანები–XVIII ს. დასაწყ.), ავღანელი ტომების განმათავისუფლებელი ბრძოლის მეთაური, ყანდაარელი, გიორგი XI-ის მოწინააღმდეგე. ავღანეთში დაინახა რა ქართველთა სამხ. წარმატებები, შეცვალა ბრძოლის ტაქტიკა და დამარცხება აღიარა. გიორგიმ არ დაუჯერა ცბიერ ავღანელს და ისპაანში გაგზავნა, სადაც შაჰმა დააპატიმრა. სომეხი ისტორიკოსის, ლეოს ცნობით, ეს ტყვეობა მან თავის სასარგებლოდ გამოიყენა – კარგად გაეცნო ირანის სახელმწ. საშინაო და საგარეო მდგომარეობას, მოისყიდა შაჰის კარის მოხელეები და მოახერხა დიდი ვეზირის, ფათალი ხანის (შაჰის კარზე გიორგი XI-ის მოწინაღმდეგე დასი) კეთილგანწყობის მოპოვებაც. სწორედ ამ პერიოდში ისპაანში რუსეთის დესპანად ჩავიდა ისრაელ ორი. მან მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა გიორგი XI-სთან. მ-ვ. ხმებს ავრცელებდა შაჰის კარზე, თითქოს გიორგი დიპლომ. ურთიერთობას ამყარებდა რუსეთთან, აღმ. საქართველო კი ცდილობდა კავშირის შეკვრას სომხეთთან, რათა რუსეთის დახმარებით სრული დამოუკიდებლობა მიეღო. ამ ხმებს შაჰზე გავლენა უნდა მოეხდინა. მ-ვ-მა ყანდაარში დაბრუნების უფლება მიიღო. მან 1709 გიორგის დანათესავება და თავისი ქალიშვილის ცოლობა შესთავაზა, ნადიმზე მიიპატიჟა და მუხანათურად მოკლა. ამოხოცეს ქართველ მეომართა რაზმიც. მოკლულ მეფეს მ-ვ-მა ახსნა მკერდზე ჩამოკიდებული ჯვარი და შაჰს გაუგზავნა, როგორც ქრისტიანი მეფის ორგულობის „საბუთი“.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., თბ., 1973.

ლიტ.: კვაშილავა კ., გიორგი XI სპარსეთში (1700–1709), „ივ. ჯავახიშვილის სახ. „საქართველოს ისტორიის ინ-ტის შრომები“, 2016 [ტ.] 10; საქართველოს ისტორიის ქრონიკები, თბ., 1990.

ლ. მანიავა