მიპატიჟება, ქართული ცხენოსნური სპორტის უძველესი სახეობა. მოედანზე გამოსულ ცხენოსან ქალს სადავით მეორე ცხენიც გამოჰყავდა. იგი მაყურებლიდან რომელიმე მამაკაცს აირჩევდა და ცხენზე სავარჯიშოდ მიიპატიჟებდა. მამაკაცი ვალდებული იყო მხედარ ქალთან ერთად სინქრონულად შეესრულებინა სხვადასხვა ვარჯიში: ცხენის გაჭენება, დაბრკოლების გადალახვა, ილეთები ცხენზე. თუ მიპატიჟებული მხედარი ამას ვერ შეძლებდა, იგი შეჯიბრებას ეთიშებოდა, ქალი კი სხვა მამაკაცს მიიპატიჟებდა. ქალის მიპატიჟებაზე უარის თქმა სირცხვილად ითვლებოდა.