მინორსკი ვლადიმერ თევდორეს ძე

მინორსკი ვლადიმერ თევდორეს ძე [24. I (5. II). 1877, ვოლგის კორჩევი, – 25. III. 1966, კემბრიჯი), აღმოსავლეთმცოდნე, ლონ­­­­­­­­დონის უნ-ტის პროფესორი (1937-იდან). 1900 დაამთავრა მოს­კოვის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი, 1903 – ლაზარევის აღმ. ენების ინ-ტი. 1903-იდან მსახურობდა რუს. საგარეო საქმეთა სამინისტროში (იყო დიპლ. სამსახურში ირანსა და თურქეთში). 1917 ოქტ. რევ. შემდეგ რუსეთში აღარ დაბრუნდა. ცხოვრობდა ირანში (1917–19), საფრანგეთში (1919–32) და ინგლისში (1932-იდან). თავისი ფუნდამენტური ნაშრომებით მ-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ირანისა და სამხრ. კავკასიის ქვეყნების, მ. შ. საქართველოს ისტ. შესწავლაში; გამოთქვა მოსაზრება წანარების (ერთ-ერთი კახური ტომი) პირველსაცხოვრისის შესახებ. მ-ის აზრით, ისინი დარიალის კარის რ-ნში სახლობდნენ. მ. იზიარებდა იმ მკვლევართა მოსაზრებას (კ. თუმანოვი, ნ. ბერძენიშვილი, თ. პაპუაშვილი), რ-ებიც თვლიდნენ, რომ VIII ს-ში, არჩილის მეფობისას, შაქში (ჰერეთი) დამკვიდრებული სამი ძმა (ქართული წყაროებით, ადარნასე „ბრმის“ ძმისწულები) და შემდეგდროინდელი ჰერეთის მთავრები ბაგრატიონთა ერთ-ერთ შტოს ეკუთვნოდნენ. მ-მ შეისწავლა შირვანისა და დერბენდის ისტორია, სადაც აღნიშნავს, რომ XII ს. დასაწყისიდან XIII ს. 20-იან წლებამდე, შირვანი განიცდიდა საქართველოს პოლიტ. გავლენას. შირვანის შაჰები საქართვ. მეფის მორჩილნი იყვნენ, როგორც გიორგი III-ის, ისე თამარის მეფობის დროს.

თხზ.: История Ширвана и Дербенда, X–XI веков, М., 1963.

ლიტ.: პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები. თბ., 1970; მისივე, რანთა და კახთა სამეფო, თბ., 1982; Кузнецов, Н. а., Владимир Федорович Минорский (Памяти ученного), «Народы Азии и Африки», 1966, №6; Цкитишвили О. В., «Caucasica», В. Ф., Минорского, კრ.: მახლობელი აღმოსავლეთის სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის ნარკვევები, თბ., 1968.

გ. ჯაფარიძე