მინიატიურა სახვით ხელოვნებაში (Minium – წითელი საღებავი), სხვადასხვა სახის საღებავით შესრულებული გამოსახულებები ანტიკურ და შუა საუკუნეების ხელნაწერ წიგნსა თუ გრაგნილზე. ადრეული კოდექსების სადა დეკორაცია წითლით, „მინიუმით“ იყო შესრულებული. აქედან მომდინარეობს ტერმინი მ.
ქართული მ. IX–XVIII ს-ში ვითარდებოდა. მ-ის საგანი ტექსტის დასურათება და გაფორმებაა. მ-ები შეადგენენ ხელნაწერი წიგნის არქიტექტონიკის მნიშვნელოვან ნაწილს, განსაზღვრავენ ცალკეული გვერდის კომპოზიციურ გადაწყვეტას და წიგნში ქმნიან დეკორ. ლაქათა თავისებურ რიტმს. მ-თა დარად, ტექსტში ჩართული საგანგებოდ მორთული საზედაო ასოები, ინიციალები, თავ- და ბოლოსამკაულები, დასასრულ კი თვით მრგლოვან თუ ნუსხა-ხუცურ ასო-ნიშანთა კალიგრაფიული დახვეწილობა სრულქმნის ხელნაწერი წიგნის მხატვრულ მთლიანობას. მ. ტექსტის ილუსტრირებასთან ერთად, მის სიმბოლურ-შინაარსობრივ გახსნა-გათვალსაჩინოებას ემსახურებოდა.
უძვ. ქართ. ხელნაწერები სას. ხასიათის თხზულებებია. წიგნის ხელოვნებისათვის დამახასიათებელი გაფორმების პრინციპი, რ-იც საფუძვლად დაედო ამგვარი ტექსტების დეკორ. მორთულობას, ადრეული ხანის ქართ. ნიმუშებში ნაკლებად მჟღავნდება. ფრაგმენტულ პალიმფსესტებსა და იმ დროის (V–VIII სს.) სხვა ძეგლებში მრგლოვანი ასოები ერთადერთი დეკორ. ელემენტია.
ძვ. საქართველოში ხელნაწერი წიგნი და მისი მ-ით შემკობა უშუალოდ უკავშირდება და გაიგივებულიცაა სამონასტრო კერების შემოქმედებით საქმიანობასთან. ხელნაწერი მონასტრის სკრიპტორიუმში მოღვაწე სხვადასხვა ხელობას დაუფლებული (ეტრატის ოსტატი, გადამწერ-კალიგრაფი, მინიატიურისტ-მომხატველი, შემკაზმველი თუ შემმოსველი) სას. პირების დაუღალავი შრომის ნაყოფია.
საქართველოსა და იმდროინდელ კულტ. სამყაროში გაბნეულ ქართველთა სამონასტრო კერებში, მწიგნობარ ბერთა სავანეებში აღნუსხავდნენ ძვ. ხელნაწერებს, ქმნიდნენ ორიგინ. თხზულებებს და აქვე ხდებოდა მათი მ-ებით მოხატვა-შემოსვაც.
ჩვენამდე მოღწეული პირველი დასურათებული ხელნაწერი არის 897 ადიშის ოთხთავი. შატბერდის მონასტრის სკრიპტორიუმში გადაწერილ ამ ხელნაწერს წიგნის დასურათების ადრეული ეტაპისათვის დამახასიათებელი მ-ები ტექსტის წინ ცალკე რვეულად აქვს დართული.
IX–X სს. ტაო-კლარჯეთის მხატვრულმა სკოლამ საფუძველი ჩაუყარა ქართ. ხელნაწერი წიგნის მინიატიურული მხატვრობის განვითარებას. სირია-პალესტინიდან, ალექსანდრიიდან, სომხეთიდან და კონსტანტინოპოლიდან შემოსული მოწინავე მხატვრული ტრადიციები სწრაფად აითვისეს ქართვ. ოსტატებმა და ადგილობრივ ტრადიციებთან შეაჯერეს. IX ს-იდან ქართ. ხელნაწერი წიგნი (მათი უმრავლესობა სახარება-ოთხთავებია) შემკულია ცალკეული მხატვრული მოტივებითა (კამარები, თავსამკაული, საზედაო ასოები და ინიციალები) და ფიგურატიული გამოსახულებებით (მახარებელთა პორტრეტები, ჯვრის სხვადასხვა ვარიაციები, განსაკუთრებით ჭარბობს კვადრიფოლიუმისა და გოლგოთის ტიპის ჯვრები, აგრეთვე სიუჟეტური კომპოზიციები). ხელნაწერთა ამ ადრეული ჯგუფისათვის [ადიშის ოთხთავი, ბერთის სახარება (ჰარვარდის უნ-ტის Houghton Library, MS Georgian 1), ჯრუჭის I ოთხთავი – 936–40 წწ., წყაროსთავის სახარება – X ს. დასარული] სახასიათო კამარათა ნალისებური თუ ნახევარწრიული მოხაზულობა, სვეტების მარმარილოსებური ზედანი, ორნამენტული რეპერტუარი, სახასიათო ფერადოვნება ელინისტური თუ გვიანანტ. ტრადიციებითაა ნასაზრდოები. დეკორის ცალკეული ელემენტები კი მათ ქრისტ. აღმოსავლეთის მხატვრულ გარემოსთან აკავშირებს. ჯრუჭის I ოთხთავი პირველი ქართ. ილუსტრირებული ხელნაწერია, რ-შიც სიუჟეტური მ-ები გამოჩნდა: მახარებელთა პორტრეტებს განკურნებათა სცენები ეწყვილება.
X ს-მ ისეთი ხელნაწერებიც შემოგვინახა, რ-თა მომხატველნიც უარს ამბობენ სიუჟეტურ კომპოზიციათა დასურათებაზე და მთელი ყურადღება ტექსტის დეკორ. გაფორმებაზე გადააქვთ. გვერდის მორთულობაში სინგური ახლა უკვე განმსაზღვრელი ხდება და უფრო ხშირად სათაურებს, საზედაო ასოებსა თუ თავსამკაულებში ჩნდება. ამის ნიმუშია 973 წ. პარხლის ოთხთავის დეკორი.
შატბერდული წარმომავლობისაა მიქაელ მოდრეკილის იადგარი, რ-იც აერთიანებს იმ დროისათვის ცნობილ ორიგინ. ქართ. თუ თარგმნილ საგალობლებს. ტექსტს ახლავს სანოტო სისტემაც, ე. წ. ნევმები; ამ კრებულში, სადაც ტექსტის დანაწევრება ორნამენტული არშიებით ხდება, მხატვარი სინგურთან ერთად ინტენსიურ ცისფერს, მწვანესა და ყვითელს იყენებს და, რაც მთავარია მომხატველი, საზედაო ასოებსა და ორნამენტულ მოტივებში ამ ლოკალურ ფერთა გამომსახველობით კი არ იფარგლება, არამედ მათი ერთობლიობით ქმნის მხატვრულ სახეს. ამგვარი, თუ შეიძლება ითქვას, „ცისარტყელისებრი“ ფერადოვნებით ხელნაწერის გვერდი შეუდარებელ მხატვრულ ეფექტს ქმნის. ამ დეკორ. შთაბეჭდილებას, თავის მხრივ, იმავე პერიოდის ქართ. ხელნაწერებში ასომთავრულის გვერდით ნუსხურის შემოღებამაც შეუწყო ხელი. ასომთავრულთან შედარებით, ნუსხურისათვის მახასიათებელი კუთხოვანება, სტრიქონთა, თუ შეიძლება ითქვას, მეტი დინამიკურობა, ცალკეულ ასო-ნიშანთა ერთგვარი „დაქუცმაცებულობა“ უკვე ორგანულად პასუხობს მხატვრული სტილის იმჟამინდელ დეკორ. ტენდენციებს და გამოძახილს ტაო-კლარჯეთის სკრიპტორიუმებში ან მათი გავლენით შესრულებულ ხელნაწერებში პოულობს (A-135, ურბნისის ოთხთვი, ქსნის ოთხთავი, ჯიბისძეების სვინაქსარი H-2124, A-87 და სხვ.).
ხელნაწერში გვხვდება ერთადერთი ფიგურატიული მ. – ერთმანეთის პირისპირ მდგარი და ბერული სამოსელით შემოსილი წმ. ბასილი კესარიელი და იოანე მტბევარი. საინტერესოა ისიც, რომ სტილური მრავალფეროვნებით გამორჩეულ ტაო-კლარჯეთის სამხატვრო სკოლაში შესრულებულ მ-ებს ერთი შეხედვით, თითქოს მხოლოდ შექმნის კონკრეტული გეოგრ. არეალი აერთიანებთ.
X ს. უკვე მნიშვნელოვანი საფეხურია ხელნაწერის დეკორის განვითარების თვალსაზრისით. ამ დროს დაწყებული მხატვრული ძიებები საფუძვლად დაედო შემდგომი ხანის ქართ. წიგნის დეკორს. დასრულდა ხელნაწერი წიგნის სტრუქტურის ჩამოყალიბება; მ-ები უკვე თავს იყრიან არა ხელნაწერის დასაწყისში, არამედ შესაბამისად ნაწილდება ტექსტში. გამოჩნდა ინიციალი, ასომთავრულს ნუსხური ჩაენაცვლა. ტექსტის საერთო წყობიდან გამოიყო სინგურით შესრულებული მხატვრული აქცენტები (სათაურები, მუხლისა და თავის დასაწყისები).
X ს. ბოლოსათვის იერუსალიმური განჩინებიდან კონსტანტინოპოლურზე გადასვლამ, ბიზანტიაზე აღებულმა ორიენტირმა მინიატიურული მხატვრობის რამდენიმე ახალი კერის დაწინაურებაც გამოიწვია. ტაო-კლარჯეთში მოხატულ ხელნაწერებს საზღვარგარეთულ ქართ. სკრიპტორიუმებში შესრულებული კოდექსების ილუსტრაციებიც დაემატა (შავი მთა, სინისა და ათონის მთის სავანეები), კერძოდ, კონსტანტინოპოლში, ხორას მონასტერში შესრულებული ხელნაწერთა დეკორი და საკუთრივ ქართ. წიგნისათვის ბიზანტიის დედაქალაქის მოწინავე სკრიპტორიუმში შეკვეთილი მ-ები (ტბეთის ოთხთავი).
ამ დროის საუკეთესო ნიმუშია 1030 წ. ზაქარია ვალაშკერტელის შეკვეთით, პიღურის მონასტერში გადაწერილი და ბიზანტ. ნიმუშების გავლენით მოხატული სვინაქსარის მ. მისივე შეკვეთით შესრულებული ლიტურგიკული წიგნების ილუმინაციები, 1033 ოშკში გადაწერილი და ილუსტრირებული მესტიის ოთხთავი.
სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა ხელნაწერი წიგნის მხატვრული სახის საბოლოო ჩამოყალიბება: მდიდრდება კამარათა ორნამენტული დეკორი, იცვლება მათი ფორმა – კამარის თაღოვან მოჩარჩოებას მართკუთხა ანტაბლემენტი ენაცვლება და ე. წ. ტრიუმფალური თაღის ფორმას იძენს. XI ს-იდან მოყოლებული ქართ. ხელნაწერთა დეკორში ვრცელდება გოლგოთის ჯვარი, რ-იც „აყვავებული, განედლებული“ ჯვრის სახელწოდებითაა ცნობილი (მესტიის ოთხთავი, სინის მთის ხელნაწერები #9, 16, 19, 67, ალავერდის ოთხთავი, S-962). ამით არა მხოლოდ სახარების საწყის ფურცლებს აფორმებენ, არამედ უკვე სხვადასხვა შინაარსის ხელნაწერ წიგნებსა (A-136, H-1661, A-4995) და ჟამისწირვის გრაგნილებშიც ჩნდება.
ადრეული ხანის ხელნაწერ ოთხთავთა გაფორმებაში გავრცელებული იკონოგრაფიული მოდელი, მახარებელთა ფეხზე მდგომი და შერეული ტიპი (ადიშის, ჯრუჭის, ბერთის, წყაროსთავის, სინის მთის კოლექციის #38 კოდექსის, მარტვილის ოთხთავის და სხვ. მახარებელთა გამოსახულებები) XI ს-იდან უკვე სტაბილური იკონოგრაფიული მოდელით, ანუ თითოეული სახარების დასაწყისში, მუშაობის პროცესში მოცემული მახარებლის პორტრეტით შეიცვალა. გამოჩნდა იოანე მახარებლის ახალი „მოკარნახის“ იკონოგრაფიული ვერსია (მესტიის ოთხთავი).
XI ს. მინიატიურულ მხატვრობაში ცალკე ჯგუფად გამოიყოფა შავი მთის სავანეებში (ბერძნ. და ქართ.) გადაწერილი და დასურათებული ხელნაწერი ოთხთავების მ-ები. ბიზანტ. და ანტიოქიურ თავისებურებებზე ორიენტირებული ხელნაწერთა ეს ჯგუფი იმითაცაა გამორჩეული, რომ ქართ. მინიატიურულ მხატვრობაში პირველად გამოჩნდა დეკორ. გაფორმებული და ხაზგასმულად გამოყოფილი ევსებიოსის წერილი კარპიანესადმი. პირობითად ცხოველხატულად წოდებული ამ ხელნაწერთა დეკორი ყვავილ-ფოთლოვანი ორნამენტითა და ინიციალებით, ინტენსიური ოქრონარევი ფერადოვნებით, მრავალშრიანი მინანქრისებრი ელფერით ხასიათდება. ალავერდის ოთხთავის თავისებურებად უნდა მივიჩნიოთ ისიც, რომ მახარებელთა პორტრეტები მათზე დართული „შთამაგონებელი“ ფიგურების გარემოცვაშია გამოსახული და ოთხთავის ტრად. ელემენტების გვერდით მასში ჩართულია „ავგაროზის ეპისტოლის“ იკონოგრაფიული ციკლის ხუთი მ.
ჯიბისძეთა გვარის ქართველმა მოღვაწეებმა ტაო-კლარჯეთიდან შავ მთაზე გადასვლისას მწიგნობრულ ტრადიციებთან ერთად ის მხატვრული მოდელებიც გადაიტანეს, რ-ებიც მათ მიერ შესრულებულ ხელნაწერებს გამოარჩევს შავი მთის დანარჩენი ქართ. კოდექსების ილუსტრაციებისაგან.
ეპოქის გემოვნებისა და სტილური თავისებურებების განსხვავებულ გამოვლენას ათონის მთის ივირონის მონასტრის ხელნაწერებში ვხედავთ. ხელნაწერთა ეს ჯგუფი (შესაძლოა ძვირფასი ეტრატის დაზოგვის მიზნით) თითქმის მთლიანად მოკლებულია დეკორს. გვხვდება მხოლოდ კომპოზიციურად და სტილისტურად ნაკლებად გამომსახველი თავსამკაული და ინიციალები.
XI–XII სს. მიჯნის მინიატიურულ მხატვრობაში ხელნაწერთა შინაარსობრივი მრავალფეროვნება, სტილის ცვლილებები და იკონოგრაფიული სიახლეები ლიტურგიის გავლენის გაძლიერებით აიხსნება. XII ს. I ნახ-ში შეიქმნა ზატიკის მ-ები – დახვეწილი პროპორციებითა და ნახატით გამომსახველი, ერთგვარად რბილი, თითქოსდა გამჭვირვალე ფერადოვნებით და ლაკონიურ კომპოზიციებთან შერწყმული ოქროს ფონებით.
XII ს-იდან შემოგვრჩა პირველი საერო მ-ის ნიმუშები 1188 წ. გადაწერილი ასტრონომიული ტრაქტატიდან. კრებულში წარმოდგენილი ილუსტრაციები თანამიმდევრულად ასურათებენ ზოდიაქოს ნიშნებსა და მთვარის ფაზებს; დენადი, შინაგანი დინამიკით აღსავსე ნახატი დამაჯერებლად წარმოაჩენს თითოეულ ფიგურას. დინამიკური ხაზის მნიშვნელობა განსაკუთრებული სიძლიერითაა გამოვლენილი იოანე სინელის „კიბის“ (S-1669) მარგინალურ, ერთი შეხედვით ზღაპრული სამყაროდან გადმოსულ მ-ებში, რ-ებიც კალიგრამასაც კი გვაგონებენ.
XII–XIII სს. ქართ. მინიატიურული მხატვრობის განვითარების გამორჩეული საფეხურია. ამ დროისათვის ვრცელდება ოთხთავის სრულად დასურათების პრინციპი. გელათისა და ჯრუჭის II ოთხთავები ამ ეპოქისათვის სახასიათო, მაგრამ ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული მ-ებით გამოირჩევა. გელათის ოთხთავის მხატვარი ზუსტად მისდევს ბიზანტ. მხატვრობის ტრადიციებს, ხოლო ჯრუჭის მინიატიურისტი შეუდარებელ შემოქმედებით აღმაფრენასა და თავისუფლებას ავლენს. მხატვრის ინდივიდ. ხედვის გამო ექსპრესიულობითა და ემოციურობით გამორჩეული მრავალფიგურიანი კომპოზიციები, ტექსტში მ-თა ჩართვის მკაცრად განსაზღვრულ წესს არ მისდევს; განუმეორებელი დინამიკის შემომტანია ფურცლის კიდიდან შემოჭრილი და ცენტრისკენ მიმართული სახარებისეული პერსონაჟები და არშიებზე გაგრძელებული კომპოზიციები. განსაკუთრებული რიტმულობა და დეტალური არქიტ. და პეიზაჟური ფონები ჯრუჭის ოთხთავის მ-ებს გამოარჩევს სხვა ძეგლებისაგან.
XII–XIII სს. მიჯნაზე დასურათების პრინციპი იცვლება. ეს მკვეთრად ჩანს კონსტანტინოპოლში, რომანას მონასტრის დასურათებულ ხელნაწერებში „ოქროჲთ მწერალ“ მიქაელ კორესელის მიერ მოხატული ვანის ოთხთავის მახარებელთა პორტრეტებთან შეწყვილებული სახარებისეული სცენებით. ვანის ოთხთავის რამდენიმე ასლიდან ერთი მესტიის მუზეუმში დაცული ლაფსყალდის სახარებაა, ხოლო მეორე – მატენადარანში (სომხეთი) დაცული ე. წ. ართვინის ქართ. კოდექსი.
გამორჩეულია გრიგოლ ღვთისმეტყველის ქადაგებათა სრულგვერდიანი მ-ები. დახვეწილი ნახატი გამოცდილი ოსტატის ხელს ავლენს. ხაზგასმული ხაზობრიობა, თავშეკავებული ფერადოვნება, თვალშისაცემი მონუმენტურობა, სპილოსძვლისფერი ქაღალდის ფონად გამოყენებასთან ერთად თავისებურ მხატვრულ ეფექტს ქმნის. მრავალრიცხოვან მ-ებს შორის გამორჩეულია წმ. მამაჲს ლომზე ამხედრებული ფიგურა.
ამ დროიდან შემოგვრჩა გრაგნილზე შესრულებული ილუსტრირებული ნიმუშებიც ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის ჟამისწირვის ტექსტითა და მათივე გამოსახულებებით.
მდიდრული დეკორის მქონე ხელნაწერების გვერდით XII–XIII სს-იდან შემოგვრჩა შედარებით სადა მხატვრული იერის მქონე კოდექსები (იენაშის სახარება, ბიჭვინთის ოთხთავი, A-138, A-496); მახარებელთა გამოსახულებების გვერდით აქ თვალსაჩინოა წნულორნამენტიანი თავსამკაული, რ-იც სცილდება ჩარჩოს საზღვრებს, იჭრება ტექსტში, ერწყმის ინიციალს და მასთან ერთად ერთ მთლიანობას ქმნის.
XIII ს. ადგილობრივი მხატვრული თავისებურებების ნათელი დადასტურებაა ლარგვისის ოთხთავის მ-ები.
პალეოლოგოსური სტილის საუკეთესო ტრადიციებითაა შესრულებული მოქვის ოთხთავის 1300 წლით დათარიღEბული (Q-902) მრავალრიცხოვანი მ-ები. ხელნაწერი ნათლად წარმოგვიდგენს XIII ს-ში მიმდინარე სტილისტურ ცვლილებებს. მოქვის სახარების გაფორმებაში ჩართულ მ-თა იკონოგრაფიული რედაქციები ეპოქის მოწინავე მიღწევებით საზრდოობს. მასში თანაბრად გაჯერებულია პალეოლოგოსური იკონოგრაფიისათვის ნიშნეული ადრეული, აღმოსავლეთქრისტ. და ბიზანტ. მხატვრული სახისმეტყველებითი აზროვნება. მ-თა მდიდრული ფერადოვანი ნიუანსები და ფერადოვანი ფაქტურის სიღრმე წინარე რენესანსულ მხატვრულ ასოციაციებს იძენს.
XV–XVI სს-ში დაწინაურდა სამცხის ათაბაგთა კარის სკრიპტორიუმი. აქ დასურათებული სხვადასხვა შინაარსის ხელნაწერები (ოთხთავები – ფსალმუნი, ლიტურგიკული კრებულები) თუ სიუჟეტური სცენების პოსტ-ბიზანტიურ ტრადიციას მისდევენ, კამარათა და თავსამკაულთა დეკორის გამოსახვისას აშკარად აღმ. გავლენას გვთავაზობენ (აღმოსავლური უნვანის გამოყენების მცდელობა).
ამ პერიოდის წიგნის მხატვრობის გამორჩეული ნიმუშია ფსალმუნთა მრავალრიცხოვანი მ. წითელი ფონები, კომპოზიციათა თაღოვანი მოჩარჩოება, სამოსის, არქიტ. თუ ყოფითი დეტალების ზუსტი გადმოცემა იმდროინდელი საერო ცხოვრების რეალიებზე მიგვანიშნებს. თუ ახალი აღთქმის საუფლო დღესასწაულების ასახვისას მკაცრადაა დაცული იკონოგრფიული კანონი და მხატვრული ტრადიცია, ბიბლიური სიუჟეტების წარმოდგენისას თავს იჩენს საერო ხელოვნების ტენდენციების გაძლიერება. XII–XIII სს. კლასიკური კომპოზიციები აქ მონუმენტურმა სცენებმა ჩაანაცვლა, თუმცა ჯერ კიდევ შეიძლება კლასიკური ხანის ქართ. და ბიზანტ. სახვითი ხელოვნების თავისებურებების დანახვა. ბატალური სცენების გამოსახვისას კი თვალნათელი სიბრტყობრიობა, მოცულობიანი ფორმების უგულეველყოფა, ორნამენტული სტილიზაცია, სამოსისა და სამხედრო აღჭურვილობის ცალკეული დეტალების გადმოცემა ისლამური ხელოვნების ანარეკლზე მიგვანიშნებს.
XVI–XVII სს. ქართ. მხატვრულ შემოქმედებაში ძალუმად შემოჭრილი ირანული გავლენები ყველაზე მძაფრად გამოჩნდა საერო მ-ში (ვეფხისტყაოსანი, ვისრამიანი, როსტომიანი, იოსებ-ზილიხანიანი, ქილილა და დამანა), თუმცა გვაქვს გამორჩეულად ქართულ, ეროვნულ ტრადიციებზე აღმოცენებული მხატვრობაც („ვეფხისტყაოსნის“ მამუკა თავაქარაშვილის ნუსხა, 1646).
მრავლად შემოგვრჩა XVII–XVIII სს. სხვადასხვა შინაარსის სას. წიგნები (ანჩისხატისა და შემოქმედის გულანი, ყანჩაეთის, ჟამნ-გულანი, წმინდანთა ცხოვრება, ლიტურგიკული კრებულები, დაუჯდომელი, სადღესასწაულო და სხვ.), სადაც ჩანს, რომ ქართ. მ-ის მხატვრული დონე დაქვეითდა; ხელნაწერთა დეკორი გამარტივდა და ზოგ შემთხვევაში მოჩითულ ქსოვილსაც კი დაემსგავსა; მ-ებმა დაკარგეს შინაგანი ემოციურობა; ჭარბად იგრძნობა სიმშრალე და სქემატურობა.
ეს არის ქართ. მინიატიურული მხატვრობის განვითარების გზის. ერთგვარი დამასრულებელი ეტაპი. მათში ნათლად აისახა იმ დროისათვის შემოსული დას. ევრ. ხელოვნების კვალიც (ფსალმუნი ი-186, ყანჩაეთის ჟამნ-გულანი, ქილილა და დამანა), მაგრამ მას გავლენა არ მოუხდენია მინიატიურული მხატვრობის ძირეულ ცვლილებებზე. ისინი კვლავ ძვ. ტრადიციების გავლენით იქმნებოდა.
ნ. ქავთარია