მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი ა. თვალჭრელიძის სახელობისა, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. დაარსდა 1929 ა. თვალჭრელიძის ინიციატივით. 1969 ინ-ტს მიენიჭა პირველი დირექტორის (1929–57), ა. თვალჭრელიძის სახელი. შემდგომში ინ-ტს ხელმძღვანელობდნენ გ. ქომეთიანი (1957–70), ნ. გომელაური (1971–77), თ. ჯანელიძე (1978–2001 ), თ. სპარსიაშვილი (2001–03), დ. არევაძე (2004–06), 2006-იდან ინ-ტის დირექტორია რ. კვატაშიძე.
ინ-ტის კვლევები ემყარება ფუნდამენტური მეცნიერებების მიღწევებს, ამავე დროს ატარებს მკვეთრად გამოხატულ გამოყენებით ხასიათს. დღეისათვის ინ-ტი საქართველოში ერთადერთი სახელმწ. დაწესებულებაა, რ-იც ორიენტირებულია აუცილებელი გამოყენებითი გეოლ. საკითხების, ქვეყნის მინერ. რესურსების შესწავლასა და მათი ტექნოლ. დამუშავების პრობლემატიკაზე, ლანდშაფტის გეოქიმიის შესწავლასა და გეოეკოლოგიურ კვლევებზე. ინ-ტი მრავალი სამეცნ. ფორუმისა და მადნეული საბადოების გენეზისის V საერთაშ. სიმპოზიუმის ორგანიზატორია; ტექნოლ. განყ-ბების სპეციალისტების მიერ შესრულებულია უმნიშვნელოვანესი სამეცნ.-ტექნოლ. კვლევები ლითონური და არალითონური სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების ახალი ტექნოლ. რეჟიმების დამუშავებისა და ჩამდინარე წყლების გაწმენდის პროცესების თეორიის შესწავლის სფეროში.
XX ს. 70-იანი წლებიდან დღემდე ინ-ტში მიმდინარეობს კვლევები ღარიბი და ბალანსგარეშე მადნების ბაქტერიული გამოტუტვის მეთოდით გამდიდრების შესაძლებლობის დადგენისა და მათი წარმოებაში დანერგვის, ასევე სამხრ.-აღმ. საქართვ. მჟავე ვულკანური ქანების საფუძველზე საქარე მინის, კერამიკული ნაკეთობების, ცემენტის დანამატის, მძიმე ბეტონის შემავსებლისა და სხვათა მიღების ტექნოლ. დამუშავების მიზნით; ტარდება კვლევები ადგილობრივი არადეფიციტური ნედლეულის – თიხა-ფიქლების ბაზაზე ახალი ეფექტური თბოსაიზოლაციო მასალების მიღების ტექნოლოგიების შემუშავების მიმართულებით; შესწავლილი და დამუშავებულია ტექნოლოგიები საქართვ. არაერთი არამადნეული ნედლეულის (თიხები, თაბაშირი და სხვ.) გამოსაყენებლად სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგში. დაარსების დღიდან აქვე ფუნქციონირებს ანალიზური და ფიზ. ქიმიის ლაბორ-ები, რ-თა ბაზაზეც შეიქმნა ანალიტიკურ-ტექნ. საგამოცდო ცენტრი – გეოანალიტიკა. მას მინიჭებული აქვს საერთაშ. აკრედიტაციის ISO სერტიფიკატი (10725:2017/2018), ხოლო 2020 ევრ. ხარისხის პროექტმა (დიდი ბრიტანეთი) აღიარა წლის TOP-100-ის ნომინანტად. საერთაშ. ორგანიზაცია Business Initiative Directions-მა (BID) 2009 ლონდონში გამართულ შეხვედრაზე ინ-ტი დააჯილდოვა პრიზით (ოქროს ნომინაცია) და მიენიჭა ამ ორგანიზაციის საპატიო წევრის სტატუსი ხმის უფლებით. 2010 ბიზნესის მსოფლიო კონფედერაციამ (აშშ, ჰიუსტონი) ინ-ტი დააჯილდოვა და თავის ელიტარულ წევრად აირჩია.
2011-იდან ინ-ტი, როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული, შესულია თსუ-ის შემადგენლობაში.
2019-იდან ინ-ტი მუშაობს გრძელვადიან სახელმწ. საინსტიტუტო სამეცნ.-კვლ. პროგრამაზე: „საქართველოს მინერალური ნედლეულის პოტენციალის გეოლოგიური, ტექნოლოგიური, ეკოლოგიური კვლევები და ეკონომიკური შეფასებები“. ამ პერიოდში ინ-ტში გამოცემულია მრავალი ნაშრომი, მ. შ. მონოგრაფიები.
რ. კვატაშიძე