მინა, მხატვრული, ბუნებრივი ან ხელოვნური მყარი ამორფული მასალა, ჩვეულებრივ გამჭვირვალე, უფერო ან ფერადი (შედგენილობის მიხედვით შეფერილობისა და გამჭვირვალობის ოპტიკური დიაპაზონი განსხვავებულია). თვისებების მრავალფეროვნების გამო, უხსოვარი დროიდან დღემდე იგი უნივერსალურ მასალად ითვლება.
მ-ის წარმოებას საქართველოში უძვ. ტრადიცია აქვს, რასაც არაერთი არქეოლ. არტეფაქტი ადასტურებს. დღემდე მოპოვებული უძველესი ნივთები (მძივები) ძვ. წ. III ათასწლეულით თარიღდება (აღმოჩენილია მესხეთში, ამირანის გორაზე გათხრილ სამარხებში; შიდა ქართლში, ურბნისთან; ქვაცხელების ნამოსახლარზე). ძვ. წ. II ათასწლეულის ძეგლებიდან აღსანიშნავია თრიალეთისა და დმანისის ყორღანებში მიკვლეული მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი მძივები, წალკაში აღმოჩენილი ნარინჯისფერი სარდიონითა და ცისფერი მ-ით შემკული ოქროს ქუსლიანი სასმისი (XVII ყორღანი) და სხვ. ამ პერიოდში ძვირფასი ქვების მიბაძვით ხელოვნური თვლების დამზადება მ-ის ტექნოლ. ცოდნის მანიშნებელია. სხვადასხვაგვარი მ-ის ნაწარმი (ძირითადად მძივები) ასევე ხშირია ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანის სამარხებში. მათი უმრავლესობა ნაკეთობის რთული ტექნიკით ხასიათდება. ფერთა სიუხვითა და ფორმის ნაირგვარობით გამოირჩევა სოფ. ღებთან, ბრილში აღმოჩენილი მძივები (ძვ. წ. VI–III სს.). საყურადღებოა საქართვ. ტერიტორიაზე ძვ. წ. V–I სს. სამარხებში აღმოჩენილი ლურჯი მ-ის მრავალწახნაგა, პარალელეპიპედის მოყვანილობის საბეჭდავები, რ-თა წახნაგებზე ცხოველები და ნადირობის სცენებია გამოხატული. საკუთრივ მ-ის ჭურჭელი ძვ. წ. I ათასწლეულის არქეოლ. მონაპოვარში იშვიათია.
ძვ. წ. I ათასწლეულის მიწურულს მ-ის მასობრივ წარმოებას ხელი შეუწყო საბერავი მილის გამოგონებამ. ახ. წ. I ს-იდან მოყოლებული ამ მასალის ნაწარმი (მძივები, საბეჭდავები, ფერადი თვლები, ჭურჭელი და სხვ.) ფართო მოხმარების საგანი ხდება საქართველოში. გვიანანტ. ხანაში (I–II სს.) ურბნისის ნაქალაქარზე მ-ის ჭურჭელთან ერთად ნაპოვნი ზოდები ადგილობრივ წარმოებაზე უნდა მიანიშნებდეს. ამის დამადასტურებელია აღნიშნულ პერიოდში ურბნისში აღმოჩენილი წუნდებული ჭურჭლის ნიმუშებიც. სიმრავლითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა IV–VIII სს. მცხეთა-სამთავროს სამაროვნის მ-ის ნაწარმი (სანელსაცხებლები, საოჯახო მოხმარების ჭურჭელი). მნიშვნელოვანია სოფ. ორბეთთან (თეთრი წყაროს მუნიციპ.) აღმოჩენილი VIII ს. მ-ის საწარმოს ნაშთი. განათხარ მასალაში გვხვდება ჭურჭელი, სამკაული, სანელსაცხებლე, მოზაიკის „კენჭები“ და სასარკმლე მ-ები. ნივთები ფორმების მრავალფეროვნებითა და ფერების სიმრავლითაც ხასიათდება. საყურადღებოა აქ აღმოჩენილი სასმისები, რ-ებიც მ-ის ძაფებითა და სხვადასხვა ორნამენტული სახეებით არის შემკული. აგრეთვე გვხვდება მინანქრის საღებავებით მოხატული ნიმუშები. XII–XIV სს. საქართველოში მ-ის წარმოება ფართოდ ყოფილა გავრცელებული. თითქმის ყველა ნასახლარზე, ნაქალაქარსა თუ ნაციხარზე ამ მასალით შესრულებული უამრავი ნივთი გვხვდება. საყურადღებოა ნატბეურის სახელოსნოს ნაშთი, სადაც აღმოჩენილია სალღობი ქურა (თაკარი). გარდა ამისა, ცნობილია მცხეთის მუნიციპ-ის არქეოლ. ძეგლის – სათოვლეს, ნაბაღრებისა და სოფ. ხაშმის (საგარეჯოს მუნიციპ.) სახელოსნოები. მდიდარი მასალა იკვეთება ამ პერიოდის დმანისის, უჯარმის, თბილისის, რუსთავის, ბოლნისის, ურბნისისა და სხვ. ადგილების არქეოლ. შესწავლის შედეგად. ისტ. სირთულეების გამო XV ს-იდან საქართველოში მ-ის წარმოება შეფერხდა და მომდევნო სამი საუკუნის განმავლობაში მისი აღდგენის მხოლოდ რამდენიმე ფაქტია დადასტურებული.
XIX ს-ში საქართველო ეროვნ. მეწარმეობის განვითარების გზას დაადგა. ტრად. ამქრული წვრილი წარმოებების გვერდით გაჩნდა კაპიტ. მანუფაქტურები. ასეთი საწარმო იყო საქართვ. სამოქალაქო გუბერნატორის, ზავილეისკის მიერ შექმნილი „პეტროვსკის მინის ქარხანა“ (1830; ახალციხის მაზრა) – ერთ-ერთი პირველი მანუფაქტურა საქართველოში. ქ-ნა ამზადებდა ბოთლებს, ტოლჩებს, ჩაფებს, ქილებს, სააფთიაქო ჭურჭელს, სამელნეებს, ტაშტებს, პირსაბნებს და სხვ. მოგვიანებით საწარმო გადაიტანეს აწყურში (დაიხურა 1840). 1842 ე. ერისთავმა მ-ის ქ-ნა მოაწყო სოფ. ღვარებში (გორის მაზრა), მდ. მტკვრის მარჯვ. ნაპირზე (ზავილეისკის საწარმოს მსგავსად ერისთავის ქ-ნაც ,,პეტროვსკის“ სახელს ატარებდა). საწარმომ მუშაობა 1843 დაიწყო. იგი უშვებდა მხოლოდ მწვანე ბოთლებს ღვინისა და სააფთიაქო საჭიროებისათვის, მოგვიანებით – სასარკმლე მ-ებს (ქ-ნა დაიხურა 70-ანი წლების ბოლოს).
XX ს. I ნახ-ში საქართველოში დაარსდა ავჭალის შუშის ქ-ნა და ქუთ. მ-ის ტარის ქ-ნა, სადაც ძირითადად საყოფაცხოვრებო ნივთებს აწარმოებდნენ. XX ს. 50-იან წლებში მ-ის მრეწველობა გაფართოვდა და საქარხნო ნაწარმის რაოდენობრივ ზრდასთან ერთად, მხატვრული ნიმუშების შექმნის საკითხიც დაისვა. უკვე არსებულ ქ-ნებს დაემატა მხატვრული მ-ის საწარმოო განყ-ბები (მაგ., ქუთაისის მ-ის ტარის ქ-ნაში მოეწყო ახ. საამქრო, სადაც 1960 დაიწყო ბროლის ჭურჭლისა და თეთრი ფიგურული მ-ის გამოშვება. 1974-იდან ბროლის ნაწარმს უშვებდა ბათუმის ქიმ. საწარმოს მ-ის საამქრო და ა.შ.). აღნიშნულმა პროცესებმა პროფესიონალ მხატვრებზე მოთხოვნილება განაპირობა. ამ მასალის მხატვრულად დამუშავების სპეც. განყ-ბა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში 1962-იდან ჩამოყალიბდა. 1971 სტუდენტების პრაქტ. მეცადინეობისათვის შეიქმნა მცირე მასშტაბის მ-ის დასამუშავებელი სახელოსნო. მიუხედავად ამისა, აკადემიაში სწავლის პროცესი ძირითადად თეორიული მიმართულებით მიმდინარეობდა. მასალის ტექნოლ. თვისებების გაცნობა-ათვისება და ნიმუშების შექმნა მხატვრებს, ძირითადად ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ყოფ. საბჭ. კავშირის ქვეყნების მ-ის წარმოებით ცნობილ ქ-ნებში უხდებოდათ. მხატვრებისთვის მნიშვნელოვანი იყო ადგილ. საწარმოების არსებობა. გარკვეული როლი, ამ თვალსაზრისით, ქუთაისის მ-ის ტარის ქ-ნამ შეასრულა.
XX ს-ში ადგილ. საწარმოების სიმწირემ ქართული მ-ის სტილი, მისი თავისებური მხატვრული სახე განსაზღვრა. ხელოვანებმა აქტიურად გამოიყენეს სხვადასხვა შესაძლებლობა – მოიძიეს ადგილ. რესურსები და შედეგად მასალის დამუშავების მრავალი ინდივიდ. ხერხი შეიმუშავეს. სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულთა ნამუშევრებში თავდაპირველად (XX ს. 60–70-იანი წწ.) ძირითადი აქცენტები მიმართული იყო საყოფაცხოვრებო ჭურჭელზე, მომდევნო ათწლეულებში წამყვანი დეკორ. ფორმები გახდა და მ-ის ხელოვნება მხატვრულ-ვიზუალური სახის შექმნაზე ორიენტირდა. ნიმუშები შექმნილია როგორც უფერული, ისე ფერადი ბროლითა და მ-ით. ტექნოლ. თვალსაზრისით გამოყენებულია ცხელი და ცივი დამუშავების მეთოდები. ნიმუშებზე ორნამენტები დატანილია ალმასური კვეთით, გრავირების, დაწამვლის, ფერწერული და სხვა ხერხების გამოყენებით.
საქართველოში მ-ს თანამედროვე არქიტექტურაშიც იყენებენ, კერძოდ, შეიქმნა ვიტრაჟული მხატვრობის არაერთი ნიმუში. ვიტრაჟებით შეიმკო საზ. დანიშნულების ობიექტებისა და კერძო საცხოვრებელი სახლების ფასადები და ინტერიერები. ნამუშევრები განსხვავებულია ტექ.-ტექნოლ. მიდგომებით. მხატვრულ სახეებად გამოყენებულია როგორც ფიგურატიული, ისე დეკორატიული კომპოზიციები. ბოლო წლებში მონუმენტური ხასიათის ნიმუშებთან ერთად ქართველ ხელოვანთა შემოქმედებაში საშუალო და ე. წ. მინიატიურული ვიტრაჟი დამკვიდრდა. არქიტექტურის ინტერიერთან სინთეზში გამოჩნდა მოცულობით-სივრცითი ფორმების ახალი სახეობები (მ. შ. ჭაღისა და სანათების ტრად. ფორმები სამგანზომილებიანი პლასტიკური ობიექტით შეიცვალა).
XX ს. ბოლოს და XXI ს. დასაწყისში ქართ. მხატვრული მ-ის მთავარ მიმართულებად ვიტრაჟული მხატვრობა და მოცულობით-პლასტიკური პრინციპებითა და ინტერპრეტაციებით შექმნილი დეკორ. ფორმები რჩება.
ლიტ.: ბახტაძე რ., საქართველოს უძველესი მინების შესწავლისათვის. თბ., 1964; კაპანაძე მ., სარუხანიშვილი ა., ჩაგუნავა რ., მინის ქიმია და ტექნოლოგია ძველ საქართველოში, თბ., 2004; კიკნაძე ნ., XX საუკუნის ქართული პროფესიული დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება, თბ., 2020; ლიპარტელიანი ნ., ჯოლბორდი მ., ქართველი და უცხოელი მეწარმეები და მათი საქმიანობა საქართველოში: XIX ს.-XX ს-ის I ოცწლეული. თბ., 2009; უგრელიძე ნ., მინა ძველ საქართველოში. თბ., 1961; მისივე, ადრეული შუასაუკუნეთა მინის წარმოების ისტორიისთვის, თბ., 1967; ციციშვილი შ., ქართული მინის განვითარებისთვის საქართველოში. ძიებანი ქართულ სახვით ხელოვნებაში, თბ., 1980.
ს. ჩიტორელიძე