მიმინოშვილი ოთარ გიორგის ძე

მიმინოშვილი ოთარ გიორგის ძე (2. VIII. 1940, ქუთაისი, – 2. III. 2017, თბილისი), ეთნოლოგი, სპორტსმენი (წყალბურთი), სსრკ სპორტის ოსტატი (1961), ისტ. მეცნ. დოქტორი (2003), პროფესორი (2003). დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1963). 1958–72 თამაშობდა წყალბურთს თბილ. „დინამოს“, საქართველოსა და სსრკ ნაკრებების შემადგენლობაში. იყო თბილ. „დინამოს“ კაპიტანი, სპორტ. საზ-ბა „დინამოს“ ინსტრუქტორი, მრავალი საერთაშ., საკავშ. და რესპუბლიკური ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი. მ-მა ხელი შეუწყო წყალბურთის პოპულარიზაციას საქართველოში.

მ. 1968–2006 მუშაობდა თსუ-ში ისტ. ფაკ-ტის არქეოლ. და ეთნოგრ. კათედრის ლაბორანტად, უფრ. ლაბორანტად, 1972–74 – ისტ. ფაკ-ტის დეკანის მოადგილედ. 1973-იდან ისტ. ფაკ-ტზე კითხულობდა ლექციებს მსოფლიო ხალხთა რელიგიის ისტორიაში. 1987-იდან იყო ეთნოგრ. კათედრის დოცენტი, 1990-იდან – თსუ-ის ეთნოგრ. კათედრასთან არსებული ეთნიკური კულტურისა და ეროვნ. ტრადიციების შემსწავლელი ლაბორ. გამგე, 1994-იდან – სპეციალიზებული მოსამზადებელი განყ-ბის უფროსი. 2008–09 მუშაობდა წმ. ანდრიას სახ. ქართულ უნ-ტში.

მ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).

თხზ.: ეთნოგრაფიული მოგზაურობა საქართველოში, თბ., 1998; ფიქრები ეროვნულ იდეოლოგიაზე, თბ., 1999; ქართული ეთნოგრაფიის ისტორიიდან, თბ., 2002; ეთნოგრაფიის განვითარება-ჩამოყალიბების ზოგიერთი თავისებურებანი საქართველოში XIX საუკუნის მეორე ნახევარში, თბ., 2002; ეთნოგრაფიული აზროვნების ისტორიიდან XIX საუკუნის პირველ ნახევარში, თბ., 2002; საქართველოს ეთნოლოგიის ისტორია = История этнологии Грузии = History of ethnology of Georgia, დამხმარე სახელმძღვანელო თბ., 2009; Ethnographic journey about Georgia, Tb., 1998, (თანაავტ. ვ. შამილაძე).

ქ. ხუციშვილი