მილსაგლინი აგრეგატი, მილსაგლინი დგანი, საგლინი დგანებისა და დამხმარე მანქანების სისტემა უნაკერო მილების წარმოებისათვის. ამ სისტემით სრულდება მილების გლინვის ძირითადი და დამხმარე ოპერაციები: სხმულების ან ნამზადების საწყობიდან სახურებელ ღუმლებამდე ტრანსპორტირება, გასაგლინი მილების ერთი დგანიდან მეორეზე გადაცემა, მათი გაცივება, გასწორება, გადაჭრა და სხვ. მ. ა. რამდენიმე მილსაგლინი დგანისგან შედგება. თითოეული მათგანი განსაზღვრულ ტექნოლ. ოპერაციას ასრულებს. გამჭოლ დგანზე ცხელ ნამზადს (ან სხმულს) უკეთდება მრგვალი გრძივი ნახვრეტი და მიიღება სქელკედლიანი მილი-ჰილზი. გამჭოლი დგანის შემდეგ აყენებენ წაგრძელებულ დგანს, რ-იც აგრძელებს ჰილზს და ათხელებს მის კედელს. შემდეგ ხდება დაკალიბრება, სწორება, ბოლოების მოჭრა და მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლი. ყველა მანქანა ერთმანეთთან დაკავშირებულია სატრანსპ. მექანიზმებით.
საქართველოში, რუსთავის მეტალურგიულ ქ-ში XX ს. 60-იან წლებში მსოფლიო პრაქტიკაში პირველად შეიქმნა კომპლექსურად ავტომატიზებული მილსაგლინი აგრეგატი ,,400“. (იხ. აგრეთვე სტ. ლითონების დამუშავება).