მიკი ივერია (გაიანე ილიას ასული მიქელაძე) (14. VI. 1910, ყირიმი, – 29. III. 1994, ლონდონი), ქართული წარმომავლობის ინგლისელი მსახიობი. 1920 წ. დასაწყისში ოჯახი ემიგრაციაში გაემგზავრა დუბროვნიკში (სერბიის სამეფო, ახლანდ. ხორვატია), შემდეგ – ლონდონში. გაიანე, რ-მაც სამსახიობო შემოქმედების ფსევდონიმად მიკი ივერია აირჩია, 30-ზე მეტ კინოფილმსა და სერიალში გადაიღეს, უკანასკნელი როლი კი 75 წლის ასაკში შეასრულა („ცეკვა უცნობთან“, 1985). ძირითადად, მონაწილეობდა კრიმინალურ დრამებსა და თრილერებში. ცნობილ მიუზიკლში „მევიოლინე სახურავზე“ (1971; სამი „ოსკარი“ და „ოქროს გლობუსი“) შეასრულა ბესის ეპიზოდური როლი. გამოსცა მოგონებების წიგნი, აგრეთვე „Maltese Dogs – The Jewels of Women“ (1980), რ-იც მალტეზეს ჯიშის ძაღლებს ეხება.