"მთიბლური", ქართული ხალხური შრომის ლექს-სიმღერა. სრულდებოდა თიბვის დროს. გავრცელებული იყო აღმ. საქართველოში. ხალხური წარმოდგენით თიბვა (ცელვა) სიკვდილთან იყო გაიგივებული, ამიტომ თიბვის წინ ცელის ტარზე ხმით ნატირლებს მთიბლურად მღეროდნენ და შეწყალებას სთხოვდნენ მიცვალებულს. სწამდათ, რომ "მ-ის" შესრულება მოსავლიანობის სიუხვეს უწყობდა ხელს. თუშურ-ფშაურ-ხევსურული "მ" ერთხმიანია, ქართლურ-კახური - სამხმიანი. ფშავში მას გვრინს უწოდებენ. "მ-ის" გაურითმავი ცხრამარცვლიანი ტაეპი 2 მუხლისაგან (5-4) შედგება. ეს საზომი დამახასიათებელია უძველეს წარმართულ ხუცობა-ქადაგებათა და ხმითნატირალთა ტექსტებისათვის და ამიტომ "მ-ის" წარმოშობაც წინაქრისტიანულ ხანას მიეწერება. "მ-ის" მთლიან ფორმას სიტყვიერი და მუს. ტექსტის მაქსიმალური ურთიერთობა ქმნის. 1958 ფშავში, სოფ. შუაფხოში, გ. ჩხიკვაძის ხელმძღვანელობით განხორციელებული ფოლკლ. ექსპედიციისას ჩაიწერეს "მ-ის" უნიკალური ვარიანტი, რ-იც შეასრულა "უკანა ფშავის" ლეგენდარულმა ხევისბერმა, ბიჭურ ბადრიშვილმა. ეს ჩანაწერი ინახება თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის ეთნომუსიკოლოგიის კაბინეტში. "მ." პირველად ჩაწერა დ. არაყიშვილმა ხევსურეთში და გამოაქვეყნა კრებულში - «Грузинское народное музыкальное творчество» (М. 1916).
ლიტ.: აბაკელია ნ., სიმბოლო და რიტუალი ქართულ კულტურაში, თბ., 1997; გოგოლაური ი., ხმით ნატირალთა და მთიბლურთა მხატვრული თავისებურებანი, "ცისკარი", 1976, №3; გოგოჭური დ., მელექსეობა ხევსურეთში, თბ., 1974; ოჩიაური თ., ხევსურული მთიბლური სიმღერა-გვრინი, "მიმომხილველი", 1951 ტ. 2.
ბ. ბარამიძე