ბორის პასტერნაკი

ბ. პასტერნაკი

ბორის პასტერნაკი (1890–1960), რუსი მწერალი. ნობელის პრემიის ლაურეატი (1958). დაიბადა მოსკოვში. 1909 წლიდან სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, 1912-იდან – გერმანიაში, მარბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიურ ფაკულტეტზე. 1930 წელს პაოლო იაშვილი მოსკოვში შეხვდა ბ. პასტერნაკს და თბილისში მიიწვია იგი, საცხოვრებლად კი თავისი სახლი შესთავაზა. საქართველოში ბ. პასტერნაკი პირველად 1931 წელს ჩამოვიდა. იგი აღაფრთოვანა საქართველომ, მოიხიბლა ბუნებით, ხალხით, თბილისით, შეძენილი მეგობრებით: პაოლო იაშვილით, ტიციან ტაბიძით, ვალერიან გაფრინდაშვილით, გიორგი ლეონიძით, სიმონ ჩიქოვანითა და სხვებით. განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა პაოლოსა და ტიციანთან, რომელთაც შემდეგ „ვერასოდეს ცრემლმორევის გარეშე ვერ იხსენებდა“. საქართველოში ამ ჩამოსვლის შედეგი იყო მისი წიგნი „მეორედ დაბადება“ (1932).

1933 წელს საქართველოში მეორედ ჩამოსული ბ. პასტერნაკი შეუდგა ქართული პოეზიის თარგმნას. თარგმნა ვაჟა-ფშაველას, ნიკოლოზ ბარათაშვილის, აკაკი წერეთლის, ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის, გიორგი ლეონიძის, სიმონ ჩიქოვანის, ირაკლი აბაშიძისა და სხვათა ლექსები. საქართველოს მიუძღვნა ორი პოეტური რკალი – „მხატვარი“ და „მგზავრის ჩანაწერები“ (1936).

ბ. პასტერნაკი ხშირად ჩამოდიოდა და ცხოვრობდა თბილისში. მეგობრული და შემოქმედებითი ურთიერთობა ჰქონდა ქართველ მწერლებთან. მათთან მიმოწერა, რაც 30-იანი წლებიდან დაიწყო, სიცოცხლის ბოლომდე გრძელდებოდა. პოეტის უკანასკნელი წიგნი იყო „ლექსები საქართველოზე, ქართველი პოეტები“ (1958).

1957 წელს საზღვარგარეთ გამოქვეყნებული რომანისათვის „ექიმი ჟივაგო“ ბ. პასტერნაკს 1958 წელს მიენიჭა ნობელის პრემია. მისი კანდიდატურა წარადგინა წინა წლის ­ნობელის პრემიის ლაურეატმა ალბერ კამიუმ. რადგან რომანში ასახული იყო უარყოფითი დამოკიდებულება ოქტომბრის რევოლუციისადმი, ბ. პასტერნაკი აიძულეს, უარი ეთქვა პრემიაზე და მწერალთა კავშირიდანაც კი გარიცხეს. მხოლოდ 1989 წლის მიწურულს, გარდაცვალებიდან თითქმის სამი ათეული წლის შემდეგ, გახდა შესაძლებელი მისთვის ნობელის პრემიისა და მედლის დაბრუნება. 

ბ. პასტერნაკი პერედელკინოში (მოსკოვის ოლქი) გარდაიცვალა.