ჯობაძე ვახტანგ

ჯობაძე ვახტანგ (1917–2007), ამერიკაში მოღვაწე ქართული ხელოვნების ისტორიკოსი. კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტის პროფესორი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი (1966). დაიბადა საქართველოში, ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1940). II მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდა. ტყვეობის შემდეგ დარჩა გერმანიაში. სწავლობდა გიოტინგენისა და ფრაიბურგის უნივერსიტეტებში. 1950-იან წლებში გადასახლდა აშშ-ში, მუშაობა განაგრძო იუტასა და კალიფორნიის უნივერსიტეტებში. ვ. ჯობაძის კვლევის ძირითადი საგანი იყო კავკასიური, კერძოდ, შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება. იგი იყო არაერთი არქეოლოგიური ექსპედიციის მონაწილე და ორგანიზატორი. შეისწავლა ანტიოქიის მიდამოებში ქართველ მონაზონთა მოღვაწეობის ისტორია. მნიშვნელოვანია შავ მთაზე ძელი ჭეშმარიტის ქართული მონასტრის გაწმენდა და გამოკვლევა. მის სახელს უკავშირდება კვიპროსში ღალიას მონასტრის გამოვლენა და პირველი დაზვერვითი შესწავლა. მნიშვნელოვანია ვ. ჯობაძის მონოგრაფია "Early Medieval Georgian monasteries in Historic Tao, Klarjeti, and Shavshethi" (1992, 1967-83 წლების ექსპედიციათა კვლევის შედეგები), გამოიცა ქართულ ენაზეც (თბ., 2006).

ვ. ჯობაძე გარდაიცვალა ამერიკაში.